Jul 29, 2012

მერე რა?!


 მერე რა..
   რომ მზე ამოდის?!

მერე რა..
   რომ დღე გრძელია?!

მერე რა..
   რომ არ გამოდის?!

ხვალ გამოვა, დღეს ძნელია!..


 მერე რა..
   რომ შენ წახვედი?!

მერე რა..
   რომ მე მრცხვენია?!

მერე რა..
   რომ დღეს არ მოხვალ?!

ხვალ მე მოვალ, დღეს ძნელია!..


 დავბრუნდები და ცრემლიან
თვალებს კოცნით შეგიმშრალებ,
სანამ წარსულის ნაკვალევს
შენთვის გზა აუბნევია,
მოვალ მალე – ალბათ გვიან,
მოვალ, როგორც შემიძლია,
გაგრძნობინებ, რომ დღეს ისევ
სიყვარულის ამინდია!..


22.06.2009 წელი

p.s. აღარც კი მახსოვდა, რომ ბლოგისთვის ეს ლექსი არ გამიკარებია თავის დროზე..
როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, ოპტიმისტურია, თუმცა მეორემ აღნიშნა, რომ ინტერნეტსივრცე ამის ღირსიც კი არ არის.. 
ეგდოს მაინც, წყალს მთხოვს თუ პურს? :) 
ტექსტის არალეგალური გავრცელება და ავტორის მითითების გარეშე დაკოპირება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით, ნუ ჩამომათვლევინებთ, თუ დამჭირდა ვიცი რაც უნდა გამოვიყენო, ბოლო-ბოლო უკვე დიპლომიანი იურისტი ვარ.. :))

Jul 7, 2012

როცა უბრალოდ..


როცა უბრალოდ,
 ხვდები რომ გიყვარს,
როცა უბრალოდ,
 დროს წელავ დიდხანს,
როცა უბრალოდ,
მიდიხარ მასთან,
მხოლოდ იმიტომ,
რომ იყოთ კარგად..


როცა უბრალოდ,
 დამშრალა წყალი,
ტბასთან არ ისმის
ყიყინი ვრცელი..
ქარი უბერავს,
                        გეშლება ხელი,
როცა ზიხარ და
მის მოსვლას ელი..


როცა სიჩუმეს
ზუზუნი ახშობს,
როცა ვარსკვლავებს
უყურებთ მარტო,
როცა ოცნებობ
და
        როცა ფიქრობ,
როცა შენს ქალაქს
ფიქრები ათბობს..


როცა გიყვარს და
როცა უყვარხარ,
როცა ფიქრობ და
ხალისობ გვერდზე,
როცა გგონია,
რომ რამეს შეძლებ,
და მერე როცა
 უმისოდ ვერ ძლებ..


როცა ძილის წინ
თბილ წერილს იღებ..
როცა დილაც კი
იწყება მისით..
მერე იჯერებ,
რომ მეტსაც შეძლებ,
დრო კი
ლამაზად,
ნელ-ნელა
 მიდის..