Jan 15, 2016

არც კი ვიცი, რა..

ეს პოსტი 5 წლის წინ დაიწერა და არც კი მახსოვდა, რომ "დრაფტებში" მქონდა შენახული.. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სახალისო წასაკითხია, რაღაცით ამსუბუქებს სევდას, რომელიც არც არსად წასულა..  

  ამ ისტორიის შესახებ თითქმის არასდროს ვსაუბრობ, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან განვიცდი.. თუმცა დღეს, როცა ყველაზე მეტად ვფიქრობ მომავალზე და განვიცდი აწმყოს, წარსული გამახსენდა, რომელიც ჩემთვის ერთ მთლიანობას წარმოადგენს დროში.. წლის დასაწყისში გარდაიცვალა მამა, რის შემდეგაც, როგორც გიო სარალიძე ამბობს ხოლმე, დავრჩით ობლები.. მე და ჩემი ძმა..

   ალბათ ამის გამოა, რომ 2010 წლის შემოსვლა ჩვენს ოჯახში არც კი მახსოვს.. 6 იანვარს სტატისტიკის კოლოკვიუმს ვწერდი, როდესაც ტელეფონმა „დაიზმუილა“ და „სახლმა“ მძიმე ხმით შემატყობინა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ოჯახში სასწრაფოდ დაბრუნება მირჩია, თითქოს რამეს შევცვლიდი.. 

   არც კი მახსოვს, როგორ დავწერე ბოლო ორი საკითხი (მადლობა ნიკა!) და როგორ გამოვედი აუდიტორიიდან.. თუმცა მამასთვის მიცემული პირობა, რომ იმ საღამოს მაღალ ნიშანს მივიღებდი, შევასრულე.. იმ საღამოს ნიკას გარდა (ჯგუფელებიდან) არავინ იცოდა, რომ მამა აღარ მყავდა..

   7 იანვრის დილა გათენდა.. მთელი ქალაქი შობას ზეიმობდა.. ტელეფონი არ ჩერდებოდა და მოსალოცი წერილები ამხიარულებდა ჩემს მობილურ საფოსტო ყუთს.. მართალი რომ ვთქვა, რამდენიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანისთვის გამიჭირდა კიდეც იმის თქმა, რომ მამა გარდაიცვალა (რის გამოც ზოგიერთი გავანაწყენე და ბოდიშს ვუხდი ჩემი ახალგაზრდული უვიცობისა და გამოუცდელობისთვის (აწი აღარ ვიზამ.. :) ).. 

   იცით თუ არა, რა უნდა უპასუხოთ ადამიანს, რომელიც გატყობინებთ მისი ახლობელი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს?! არამგონია ისე გამოგივიდეთ, როგორც ეს “Queen”-ს დაემართა.. წერილზე არც მეტი და არც ნაკლები ასეთი ტიპის პასუხი მოვიდა: „ისა და.. რომელი ხარ?“ :) გიო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გემართება ხოლმე მსგავსი სიხალისეები, მაინც ძალიან მიყვარხარ!.. :) და იმედია, როდესაც ჩემს ქორწილში დაგპატიჟებ მაშინ მაინც არ მომწერ ასე.. :):):)

   იანვარი საშინლად ცივი იყო, თუმცა ქართულ ტრადიციებს ვერ შეველიეთ და.. ცუდად მახსოვს 6-10 იანვრის დღეები.. არა იმიტომ, რომ მეხსიერებამ მიღალატა, არამედ იმიტომ, რომ საშინლად ვბრაზდებოდი უაზრო და სულელური წესების გამო.. 

   თავში მუდმივად მიტრიალებდა შემდეგი კითხვები:

   „რატომ უნდა ვიდგე გარეთ, როდესაც ძალიან მცივა?! რატომ უნდა მაკოცოს ყველა ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანს არ ვიცნობ?! რატომ უნდა ჩამომართვან ხელი, როდესაც ფეხზე ვერ ვდგავარ დაღლილობისგან?! რატომ გონია ყველას, რომ ჩემზე მეტად განიცდის მომხდარ ამბებს?! რატომ არ მიშვებენ იმ ოთახში, სადაც მამაა?! რატომ მარიგებს ყველა ჭკუას, ვისაც არ ეზარება?! რატომ ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ვიცით, რომ ცრურწმენაა?! რატომ ვაბრუნებთ სკამებს და ვაყირავებთ ტახტს?! რატომ ვდებთ ნაჯახს კართან?!  რატომ ვატრიალებთ სასახლეს ოთახში?! რატომ არ შეიძლება თავად გავაცილო მამა მის ბოლო გზაზე?! რატომ არ შეიძლება დაკრძალვის ყურება ოჯახის წევრებისთვის?! რატომ მოდის ყველა სუფრაზე?! რატომ ამბობს თამადა ყველას მოსაგონარს?! რატომ უნდა დავდგეთ თამადის გვერდით როდესაც გვადღეგრძელებენ?! რატომ ხდება ასე და არა სხვაგვარად?!..“

   ერთადერთი რაციონალური აზრი, რომელიც ჩემმა ძმამ იმ დღეებში მითხრა იყო შემდეგი:

 „ხედავ ამ ხალხს? ისინი ტირიან და იცრემლებიან, მოაქვთ ყვავილები, ამბობენ, რომ მამა ძალიან უყვარდათ, ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებიან და არასდროს არ დაგვივიწყებენ.. ხვალ 99% ქუჩაში გამარჯობასაც არ გეტყვის, ვერც გიცნობს, თუმცა შენ ეს არ უნდა გეწყინოს, იმიტომ რომ ასეთია ცხოვრება.. გაიზრდები და მიხვდები, რომ ცხოვრება შეცდომების დიდი ჯაჭვია..“

   „შენ არა ხარ მარტო!..“ არ დამავიწყდება მანჩოს სიტყვები.. რაღაცნაირად დავმშვიდდი.. 7-ში საღამოს მეგობრებს გავუმხილე, რომ კინოში მინდოდა წასვლა (თუმცა არ წავსულვარ) და რეალობისგან გაქცევა.. მანჩოს სწორედ ეს აზრი უტრიალებდა, როდესაც მის ცხოვრებაში მძიმე წუთები იდგა..

   გაცნობიერება იმ ფაქტისა, რომ გარკვეულ ასაკში კარგავ დიდ მხარდაჭერას, რთულია.. შენს თავზე იღებ გარკვეულ პასუხისმგებლობებს და საკუთარ თავთან დიდ კონფლიქტში ხარ.. მაშინ, როცა გინდა, რომ ოთახში ჩაიკეტო და ბოლო ხმაზე იყვირო ან იტირო, საზოგადოება გტენის მის მოთხოვნებს.. შენ უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ გაუწიო ორგანიზება დაკრძალვას და არ გამოგრჩეს რამე.. ამასთანავე ისევ ჭკუას გარიგებენ ის ადამიანები, ვისაც არ ეზარებათ და უხარიათ უსარგებლო კონსულტაციის გაწევა.. კონსულტაცია ჩემო კარგებო, ჯანსაღ გარემოში, ღირს ფული, ასე რომ გაუფრთხილდით საკუთარ ინტელექტუალურ "ნაწარმს"!.. 

   რა იყო იცით ძალიან მძიმე? ვიღაცას უთქვამს: „გიას არ ეკადრებოდა ასეთი ქელეხიო..“ ბოდიში ბატონო, უკეთესი შენ გააკეთე!.. ჩემი და ჩემი ძმის მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შენ ეს არ გეთქვა.. სწორედ იმ სულელური ტრადიციების გამო, რომელიც ამ ყველაფერს გვავალდებულებს.. იმ დღეს როცა შენ ჩემთან სამძიმარზე მოხვედი, მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა საყვარელი ადამიანების თანაგრძნობა და გვერდით დგომა.. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამასთან ერთად უფრო მეტად მინდოდა მარტო დარჩენა საკუთარ თავთან და ემოციებისგან განთავისუფლება.. ის ემოციები, რომლებიც იმ დღეებში ჩემში გაჩნდა, დღემდე აქაა.. სწორედ ამის გამოა, რომ 8 იანვრის შემდეგ არ მიტირია.. შენ ქელეხზე ფიქრობ.. მე  არა.. მე მამაზე ვფიქრობ და იმაზე, რაც დავპირდი და რასაც აუცილებლად გავაკეთებ.. იმაზე, თუ ყველაზე ძალიან რა გაუხარდებოდა და იმაზე, რომ მისი შვილი ვარ..

   მაპატიე მამა, რომ მე დღესაც ვერ ამოვდივარ შენს საფლავზე.. მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.. უბრალოდ მგონია, რომ შენ იქ არ ხარ, სადაც უნდა მოვიდე, სანთელი დავანთო და ყვავილები დავტოვო.. სწორედ ამიტომ მივდივარ ეკლესიაში და ვანთებ სანთელს, შენთვის..

   მაპატიე, თუ რამეს ისე არ ვაკეთებ, როგორც ამას შენ ისურვებდი..

   თუმცა შენზე კარგად ბევრმა არ იცის, თუ როგორი ხასიათი მაქვს..

   მიყვარხარ მაა და მენატრები..

   ძალიან..


                          შენი შვილი

1 comment: