დიდი ხანია (მთლად დიდიც არა, მაგრამ მაინც), რაც ბლოგისთვის არაფერი დამიწერია..
ლექსებს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ძირითადად გზაზე, მობილურში ვწერ ხოლმე.
ზოგჯერ უბრალოდ ვერც ვახერხებ შეჩერებას, დაფიქრებას და..
ამ ბოლო დროს დიდად არც მქონია სურვილი ვინმესთვის ჩემი ფიქრები და აზრები გამეზიარებინა.. ალბათ მაინც ასაკის ბრალია.. :)
ყველა "სოციალური არსება" ვფიქრობ, რომ რაღაცით მაინც არაადეკვატურია, უფრო "ონლაინ ფრენდებთან" რომ მეგობრობენ, ვიდრე რეალურებთან..
არადა, უფრო მეტად რეალურ მეგობრებს უფრო ვჭირდებით ხოლმე, ვიდრე კომპიუტერთან ან მობილურებთან მიმსხდარ-შემძვრალ საზოგადოებას, რომლებსაც, მე თუ მკითხავთ, ვითომ საქმე, მაგრამ საქმე საერთოდ არ აქვთ, გარდა სხვისი კედლების თვალიერებისა და სხვისი ცხოვრების დეტალების გაგებით საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა.
ძალიან დიდი ნაწილი თამაშობს.. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ჯგუფი გამოიყოფა. ერთ-ერთი ჯგუფი მოკლე, ფასიანი და ჩამთრევი თამაშების მომხმარებლები არიან. აი ისეთები, "ძვალი გამომიგზავნე, ძაღლი მიკვდება", "მეგობრებში დამამატე, შენც ხომ იმ თამაშს თამაშობ" და ა.შ. "ენერგიის გულისთვის" დოლარიც რომ არ ენანებათ საკუთარი ანგარიშიდან. მეორე ჯგუფი უფრო მშვიდია და მხოლოდ დროის მოსაკლავად თამაშობს, თუმცა იმდენს თამაშობენ, რომ ბოლოს ავიწყდებათ სად არიან..
კიდევ კარგი, რომ ფერმების ბუმი გადავიდა მოდიდან და მათოხარი, მმარგლავი და მთესველი საზოგადოება ნაკლებად აწუხებს დანარჩენ უსაქმურებს მომაბეზრებელი თხოვნებით.
მოთამაშეთა სხვა კატეგორია უბრალოდ სტატუსებით და ფოტოებით თამაშობს, ოღონდ სხვის ნერვებზე. :) ძირითადად პირადი ცხოვრების, უცხოეთში მოგზაურობის და მსგავსი ნაწყვეტებით გვებლატავებიან. სტატუსებს რაც შეეხება, ძირითადად გამომწვევი, წყობილებიდან გამომყვანი და შტერული ტექსტები იდება ხოლმე, რაზეც მე, ცოტა არ იყოს და ხშირად ვხალისობ და ეს ყველაფერი თუ გავუზიარე ჩემს მეგობრებს, ზოგიერთ გამოშტერებულს ხშირად ჰგონია, რომ ამ სისულელეს მე ვწერ.. :)
სიამოვნებით მოვაკლდებოდი ამ სოციალურ სფეროს, რომ არა ერთი "რომ".. სიახლეები და პროფესიული ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ ამ საშუალებებით ხდება ამ ბოლო პერიოდში და რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ ოფიციალური მიმოწერისა და ინფორმაციის გაცვლისთვის არსებობს ელექტრონული ფოსტაც, რომელიც უფრო სერიოზული და ნორმალურია..
რაც შეეხება გაცნობებს, მაგისთვის სხვა საშუალებებიც არსებობს და სულაც არ არის საჭირო ადამიანებმა ერთმანეთს ფოტოები "ულაიქონ" და იცანცარონ.. :)
თან, დროა რეალურ ადამიანებთან დაიწყოთ კომუნიკაცია..
უბრალოდ მაინტერესებს და თუ შეგიძლიათ პოსტის ბოლოს რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ:
1. თქვენ რისთვის იყენებთ სოციალურ ქსელს?
2. რამდენ დროს ხარჯავთ 24 საათის განმავლობაში ინტერნეტში (ფბ-ზე)?
3. ხშირად ათვალიერებთ მეგობრების გვერდებს?
4. თქვენი მეგობრების საერთო სიიდან პირადად რამდენს იცნობთ, ან თუ გისაუბრიათ მაინც?
5. რეალურ მეგობრებთან კონტაქტისა და კომუნიკაციისთვის სოციალურ ქსელს უფრო ხშირად იყენებთ თუ მობილურ ტელეფონს?
6. დასვენების ან შვებულების პერიოდში რამდენ საათს ატარებთ კომპიუტერთან?
7. ბოლოს გადაღებული ფოტოები დაბეჭდეთ თუ ქსელში ატვირთეთ?
8. ახლო მეგობრები ბოლოს როდის ნახეთ?
მოკლედ, სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ და თუ ფიქრობთ, რომ ასე დასვენებას უკაცრიელ კუნძულზე ყოფნა ჯობია, უბრალოდ გამორთეთ კომუნიკაციის ყველა საშუალება და სიმშვიდეს შეუერთდით!..
ცხოვრება ხომ ისედაც სწრაფად გარბის.. :)
პ.ს. ესეც განტვირთვისთვის..
No comments:
Post a Comment