31 დეკემბერი,
26 წლის განმავლობაში...
რაც მახსოვს, რაც არ მახსოვს, რაც
დავივიწყე და რაც მინდა, რომ არ დამავიწყდეს..
დილა..
გავიღვიძე დაღლილმა, დასვენების დღეს
დაემთხვა.. სამსახურში და სასწავლებელში არ ვარ..(თუ ვარ, მალე მოვდივარ, მაგრამ ყველაფერი
მაინც ისე ხდება ხოლმე, როგორც ვწერ).. მიხარია, რომ ვარსებობ.. მშია, ჩაი მაინც დამალევინოს
ვინმე კეთილმა ადამიანმა..
დილიდან მესმის ფრაზები:
„მე მაღაზიაში გავედი, საყიდელი მაქვს
რაღაცეები..“
„ბაზარში გახვალ? პურია მოსატანი..“
„კაკალი დამიმტვრიე რა, თორე გოზინაყი
გვერდზე დაგრჩება..“
„ქათამს ყურადღება მიაქციე, არ ჩაიხარშოს..“
„მე რუსიკოსთან გავალ ხუთი წუთით
და ყოველ ნახევარ საათში ლობიოს ამოურიე!..“
„კრემი ამეჭრა, კვერცხია მოსატანი
მაღაზიიდან, ნამცხვარს რომ არ წავუსვა, ისე მარტო ფირფიტებს ხო არ შეჭამ?!“
„ტელევიზორში ის ფილმი გადის, მე
რომ მიყვარს, არ ვუყურებ, მაგრამ არ გადართო, სამზარეულოში მესმის..“
„ხორცს გაატარებ? მომეხმარე, რა!..“
„ადექი, უსაქმოდ ნუ ზიხარ, გააკეთე
რამე!..“
როგორ მინდა დასვენება, სიმშვიდე,
სიწყნარე.. ვინ გაცდის? არავინ!..
შუადღე..
უკვე ისეთი დაღლილი ვარ, მხრები აღარ
მივარგა, რაღაცეები მოვზიდე, გავზიდე, გადავზიდე, გადმოვზიდე.. ყველა დეტალზე თავიდან
მიხდება მაღაზიაში გასვლა.. მარილი არ გვაქვს? გავედი, მოვიტანე.. უი, ასანთი გაგვთავდა,
ზეთიც გამოაყოლე.. გავედი, მოვიტანე.. მწვანილი შემოგვაკლდა.. გავედი, მოვიტანე.. ბოლოს
ვეღარ დავდივარ, აღარ მინდა არაფერი!.. წავედი, ისევ მაკდონალდსში შევჭამო რაიმე, თორე
წავიქცევი სადმე.. არადა შორია.. ისევ სახლში ვნახო რამე ჯობია.. სადილისთვის არავის
სცალია, სულ არავის.. არადა, როგორ მინდა მშვიდად დავჯდე და ვისადილო.. მეგობრებსაც
არ ვახსოვარ, საღამოს ალბათ ამიკლებენ მესიჯებით.. მერე წერე ყველას პასუხი და შემოგათენდება..
ჰმმ.. დავიღალე..
საღამო..
მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოდის..
ყოველ ორ წუთში..
„წინასწარ გილოცავ!“
„ვიცი მერე ქსელი არ იმუშავებს..“
„სად ხვდები?!“
„გამოდი დღეს აუცილებლად ჩემთან!..“
„იცოდე ჩემთან უნდა იყო ამაღამ!“
„ჩემთანაც ხომ გამოივლი?“
სამზარეულოში ისევ სამზადისია.. ვახშამი
მზადდება შუაღამისთვის. ვახშამი, რომლამდეც ვერ მივაღწევ, თუ მანამდეც არ ვჭამე რამე..
არადა ისევ იმდენი რამეა გასაკეთებელი.. სახლი მისალაგებელია, შეძლებისდაგვარად ხარახურებს
ერთ ადგილას ვდებ, არასაჭირო ნივთებს სადმე ვტენი, რომ არ გამოჩნდეს, მტვერი თუა სადმე
დარჩენილი, ბოლოჯერ ვცდილობ მის აღებას.. მერე
მახსენდება, რომ ნაძვის ხე არ არის აწყობილი და განწყობისთვის, ვეძებ, რომ ავაწყო..
სად შევინახე შარშან სათამაშოები? ერთი უკვე მზად მაქვს, ახალი სათამაშო.. სპეციალურად
წლევანდელი წლის.. ვაწყობ, ვანთებ, მიხარია და ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ისევ მომიწევს
დაშლა და უკვე წინასწარ მეზარება.. უნდა დავდგა ზემოთ, ბავშვს უნდა მოვარიდო, თორემ
თუ მიწვდა რომელიმეს, აღარ იქნება ვერტიკალურ მდგომარეობაში.. მოკლედ, ყველაფერი მზადაა..
გავედი, წყალი უნდა ამოვიტანო.. ისევ..
უკვე 11 ხდება.. გაზზე ღომი თუხთუხებს..
ვურევ.. დამეორთქლა ყველა უჯრედი.. მაცივარში ყველა დანარჩენი საჭმელი გრილდება.. ცხელი
საკვები გაზზე დგას, ან ახლო-მახლო სადღაც.. ნამცხვარი და გოზინაყი იჟღინთება სიტკბოთი.. ტელეფონი ყოველ 10 წუთში ერთხელ რეკავს, გეგონება
ხვალ ვერ მოგილოცავენ.. არ მწყინს, სიამოვნებით გავთიშავდი ტელეფონს, უბრალოდ მინდა,
რომ არ ვიშფოთო, არ ვინერვიულო, უბრალოდ მინდა, რომ ჩემთვის წყნარად, მშვიდად და ბედნიერად,
ბუხართან თუ არა, რაიმე სითბოს გამომყოფ მოწყობილობასთან ახლოს მყოფი შევხვდე 12 საათს..
კიდევ კარგი, რომ ვასწრებ და არაფერი იწვება.. სუფრაზე ნელ-ნელა ემატება სასუსნავი,
რომლის აღება არავითარ შემთხვევაში ფიქსირებულ დრომდე არ შეიძლება.. არადა ისე მშია..
მშია და ფერი აღარ მაქვს სახეზე.. სანამ გული არ წამივა და არ დავეცემი, მანამდე ვერ
მოვიფიქრებ რომ ვჭამო..
გარეთ უკვე მოთოვა.. ცივა.. 15 წუთი აკლია.. ჯერ მანამდე ხო აიკლეს ქუჩა,
ეხლა ყველა ერთად ისვრის.. ბათქა-ბუთქით, წკაპა-წკუპით, პუკ-პუკით და ტაშტების რახარუხით..
მეზობლებს ასაფეთქებელი არ ქონდათ, გამოვიდნენ და ყვირიან.. ძალიან სასაცილოები არიან
ხოლმე ზოგჯერ.. ალტერნატივშჩიკები.. 5 წუთი აკლია, ჩემი ძაღლი აცახცახებული შემორბის
სახლში, თან ყეფს.. ცდილობს სადმე მყუდრო ადგილზე შეყოს თავი და მოერიდოს გარემოში
მიმდინარე მოვლენებს.. ეშინია.. ვცდილობ არ შევაშინო და არაფერს ვაფეთქებ.. 12 საათი
ხდება, ტელევიზორში აბორიგენთა კონცერტი წყდება და გამოდიან პირველები.. გვილოცავენ,
გვაჯერებენ, რომ ყველაფერი კარგადაა.. გადავრთე ფილმზე, რაიმე სასიამოვნოს უყურებდა
კაცი.. ზოგჯერ რა კარგია, რომ ტექნიკა ასე განვითარდა.. სუფრასთან ვსხდებით, შამპანურს
ვხსნით, ძველს ვაცილებთ და ახალს ვლოცავთ.. გვიხარია, მაქსიმუმ ის, რომ ახალი მოდის,
მინიმუმ, უკვე გაცვეთილ და გაქუცულ კალენდარს ვცვლით.. ახალი სურათი კედელზე.. ჭამის
თავი აღარ მაქვს, არც ჯდომის.. მირჩევნია წამოვწვე და დავისვენო.. ტკბილს ვუსინჯავ
გემოს და ვდგები..
ნახევარი საათის შემდეგ იწყება ტელეფონის
კვირა.. მოლოცვები, მილოცვები და ა.შ. ვერ ვიტან ამ პროცესს.. მიხარია, რათქმაუნდა,
რომ ჩემთვის საყვარელი და ახლობელი ხალხი რეკავს, მაგრამ ერთი და იგივე ტექსტის გამეორება
მღლის.. თან მეძინება.. ვწვები.. ზარები არ წყდება.. მირეკავენ, მილოცავენ და მლანძღავენ,
რომ მათთან ერთად არ ვქეიფობ.. არ მინდა რესტორნებში ვიღაც მთვრალ ხალხთან ერთად ქეიფი
და გია სურამელაშვილის სტილის ვაიმე მომღერლების მოსმენა.. არც ტიომა იუჟნის რეპერტუარის
მოსმენა და მით უმეტეს საახალწლო მუსიკებზე ცუხცუხი.. დილიდან ისედაც დაღლილი ვარ..
მინდა ეხლა მე ეს ყველაფერი? არ მინდა!..
აი ამ დროს მინდა ხოლმე, რომ ახალი
წელი გადავიტანო, უბრალოდ სხვა დღეს ავღნიშნო, როცა მარტო ჩვენი ახალი წელი იქნება,
მხოლოდ ჩვენი.. და პირველი თოვლის მოსვლით, გილოცავ ახალ წელს კიდევ ერთხელ!.. ჩვენს
ახალ წელს!..
მე რა მინდა? ეს კითხვა არავის არასდროს
არ დაუსვამს ჩემთვის..
31 დეკემბერს მინდა ჩემს საყვარელ
ადამიანებთან ერთად ყოფნა..
მინდა პატარა, ხის სახლში, ბუხართან
ჯდომა, სადაც ნაძვის ხე ფერადი ნათურებით იქნება მორთული..
მინდა გარეთ იყოს ბევრი თოვლი, ისეთი,
რომ ნაკლებად იბოდიალონ გარეთ გასაღებდაკარგულმა მთვრალებმა..
მინდა რომ ვიყო მთაში, არ აქვს მნიშვნელობა
სად, მთავარია მთა და ტყე იყოს გარშემო..
მინდა, რომ საახალწლო სუფრაზე ენთოს
სანთლები.. დიიდი, თეთრი და წითელი სანთლები.. ბუხარი ისე გიზგიზებდეს, რომ ბევრი განათება
არ იყოს საჭირო.. ჩართული იყოს საახალწლო მუსიკა დაბალ ხმაზე, ყველას უხაროდეს ერთმანეთთნ
ყოფნა და წითელი ღვინის ბოკალით სმა.. მინდა იყოს ბევრი გოზინაყი და ჩურჩხელა.. ღომი,
სულგუნი, საცივი, მწვადი, სალათები, ხილი, ბოსტნეული, მჭადი, მწნილი, აჩმა, ლობიანი,
ხაჭაპური, ტორტი და ნამცხვრები.. მინდა იყოს ბევრი ნატურალური წვენი, გაზიანი სასმელები
და ბეეევრი მინერალური წყალი..
მინდა ბუხართან ვისხდეთ და ვყვებოდეთ
სახალისო ისტორიებს.. არ ვუყურებდეთ ტელევიზორს სანამ ჩვენი საყვარელი ფილმის ყურება
არ მოგვინდება..
მინდა ერთი კვირა დასვენება, რომ
ავიხდინო ყველა ნატვრა, რომელიც ახალ წელს მაქვს.. მინდა, რომ არ იყოს ქარი, არც წვიმა,
არც სიცივე.. უბრალოდ თოვლი, რომელიც არ დნება დადებისთანავე.. მინდა..
მინდა უბრალოდ ღამე, როდესაც ყველა
ნატვრა ხდება..
ჯადოსნური ღამე მინდა..
და შენ არ გინდა?
გინდა!..
ხოდა მოდი, ერთად ვინატროთ ამ ახალი
წლის ღამეს ოცნებების ახდენა!..
ვინატროთ და ერთ დღესაც, ის აუცილებლად
ახდება..
მე მჯერა..