ადრე ირაკლისთან ერთად დავდიოდი ცურვაზე და სიხარულით ვდგებოდი ხოლმე ფეხზე და დილის 6 საათზე მივდივოდი აუზზე, სადაც ყარაულს ყოველთვის ჩვენ ვაღვიძებდით და ისიც თავისი „უჩვეულო იუმორით“ „გვლოცავდა“.. ოღონდ ჩუმად და ისიც გულში..
არ ვიცი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი ისე, რომ მისი გულისთვის ასე ადრე ადგე.. საერთოდ, მსმენია, რომ არსებობს ადამიანების ორი კატეგორია, „ღამურები“ და თუ არ ვცდები „ჭოტები“. თუ ამ კლასიფიკაციას დავუგდებთ „ყურს“, მე „ღამურების“ კატეგორიას მივეკუთნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით გვიან ვიძინებ და დილით, შესაბამისად, ადგომაც მიჭირს.. თუმცა ზაფხულში ადრე ადგომა სასიამოვნოცაა და სასარგებლოც, რათქმაუნდა ჯანმრთელობისთვის..
მას შემდეგ, რაც ცურვას „შევეშვი“, ჩემი ჯანდაცვის, უფრო სწორედ, „გა-ჯან-დაცვების“ საკითხი მხოლოდ ერთხელ, 1 წლით მოვაგვარე და აღმოსავლური თავდაცვის სახეობების შესწავლით დავკავდი. თუმცა შემდეგ ესეც შევწყვიტე.. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ასე თუ ისე მოვმაგრდი ვარჯიშის გამო, მაინც წყალი იზიდავდა ჩემს გაზარმაცებულ სხეულს...
არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე არ მინდა ცურვაზე მარტო მისვლა დილის 7 საათზე, არადა ეს ირაკლიც რომ აღარ დადის?! ჩემი ჭკუის სხვა ვეღარ ვნახე ამ ქალაქში.. და ვეძებ..
და მაინც, რატომ მეღვიძება ასე ადრე?!
რატომღაც მეგონა, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ბოლო დილა იყო და მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ასახულიყო ჩემს მეხსიერებაში: თუ როგორ ღიავდება მუქი ლურჯი ცა, როგორ დნება ყინული ფანჯრის მინაზე და როგორ ცოცხლდება ქალაქი..
დავიწყე „შაგრენის ტყავის“ კითხვა.. პირველი 10 გვერდი შემაწუხებლად გაწელილი და ჩამ(მ)თვლემი მომეჩვენა, თუმცა შემდეგ საინტერესოც დაიწყო.. სიუჟეტი ისტორიის „მდიდარ ნარჩენებს“ დაუკავშირდა და ემოციურად გაიშალა..
..ამ დროს ისევ ამაყად დნებოდა ფანჯრის მინაზე შეყინული ორთქლი, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ მეორე საღამოს ისევ ყინულად იქცეოდა..
იცი რატომ მიყვარს ჩემი ბათურა?
იმიტომ, რომ ყველაზე ადამიანური ძაღლია ამ ქვეყანაზე გაძაღლებული ადამიანებიდან..
საღამოს ღია კარი დაინახა თუ არა, შემოქანდა და მაშინვე გამათბობლისაკენ გაეშურა, ცხვირით მოსინჯა ცხელი იყო თუ არა, მასთან ახლოს კარავი დასცა და ამაყად დაწვა..
ბათურას დილამდე თავი არ აუწევია.. მიუხედავად იმისა, რომ ძილში შიში ჩამყვა, გამათბობელს ცუდად არ შეეხოს და უბედურება არ მოხდეს მეთქი.. მთელი ღამე გაუნძრევლად იწვა, დილით კი სათუთად ადგა და ჯერ გამათბობელს შეხედა, შემდეგ მშვიდი თვალებით გამომხედა, წესრიგში ჩამაბარა ყველაფერი..
ზოგჯერ ჩემსავით ეგოისტია, თუ იცის, რომ თავისია, ცოცხალი თავით არავის არ მიუშვებს ახლოს, ასე უნდა და მორჩა! ზოგჯერ ისეთი კეთილია, რომ ყველას ულოკავს ხელებს.. საოცრად ერთგულია, თუმცა დამჯერობას ვერ დავაბრალებ.. როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს სისუსტეები.. ძალიან უყვარს გარეთ გასეირნება, რასაც რაღათქმაუნდა მოკლებულია ჩვენი მხრიდან და ცდილობს დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი, საკუთარი ძალებით.. ამაზე კი ძალიან ვბრაზდები.. იმაზეც საშინლად მიფუჭდება გუნება-განწყობა (საზოგადოებაში „ნერვებად“ და ღლონტურად „ღრრრ“-დ წოდებული), როცა ბათურას ბაბო უმ ხორცს აჭმევს, რის შემდეგაც ძაღლი ხორცის სუნით ყარს და მერე ერთი კვირა გვიწევს მისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა.. კიდევ ბევრს ვუძლებთ...
ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რატომ მიფუჭდება განწყობა.. საერთოდ დეპრესიული ტიპები ორიენტირებულები არიან ავტომატურ რეჟიმში (ე.წ. ავტოპილოტით) გაიფუჭონ ხასიათი...
მაშინ, როცა ჩემი გაკეთებული საქმით კმაყოფილი ვარ, ასეთ რამეზე ვერ ვფიქრობ, თუმცა როცა ვერ ვხვდები, რა მინდა, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ და ამავე დროს, ჩემთვის საყვარელი ხალხი სადღაც „ბნელ წერტილში“ იკარგებიან, ვფიქრობ, თუ რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებისაგან, რატომ არ მელოდებიან ჩემი თანამშრომლები, როცა სამსახურიდან მიდიან და ამ მიზეზ-შედეგობრივი (რათქმაუნდა ირაციონალური) კავშირების აწყობა-შეკოწიწების შემდეგ ვხვდები, რომ არავის ვჭირდები და არავისთვის არ ვარ მნიშვნელოვანი, რაც ალბათ სიტუაციის ბრალია და არა სინამდვილის, ანუ რეალურად ასე არაა..
(„მედ, დამირეკე და მითხარი რომ ძალიან გიყვარვარ და რომ ყველაფერი კარგად იქნება რა..“)
„დეპრესიულ საათებთან“ ერთად ემოციური სიმშრალეც ასე თუ ისე ხშირია, როცა ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში არსებობს ცარიელი, უშუშო ფანჯრები, რომლებსაც ვერაფერს ვერ უხერხებ, თუნდაც იმის გამო, რომ დრო აღარ გაქვს..
მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ნასწავლი მაქვს ცხოვრებაში დროის და მნიშვნელოვანი საქმეების ერთმანეთთან შეთვსების „თეორია“, პრაქტიკაში ამგვარი რამ თითქმის შეუძლებელია, რაც რეალურად დასტურდება კიდეც..
მემგონი უკვე დროა, რომ ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებზე, განვითარებასა და პოზიტიურ პერსპექტივებზე ვიფიქრო, იმაზე, რაც მეც და ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებაში დაგვეხმარება...
და არა სიკვდილზე..
მანამდე ბევრი რამე მაქვს მოსასწრები..
ყველა მუსიკა ბოლოს ხომ მაინც მთავრდება..
თუმცა ბოლო ნოტის ხმა პირველთან შედარებით ყველაზე დიდხანს ჟღერს სივრცეში..
საბედნიეროდ..
ცვლილებების დროა, პოზიტიური ცვლილებების!..
თან მამას წლისთავი ახლოვდება..
..ღამით კი ისევ გაიყინება დაორთქლილი მინები..
ახლოს არის შენი განწყობა ჩემთან..
ReplyDeleteწინ პოზიტიური ცვლილებებისკენ :)
გაიხარე დავით,
ReplyDeleteვიცი ჩემიანი რომ ხარ და მეიმედები.. :*