Oct 5, 2011

4 წელი


4 წელი გავიდა..

დღეს სულ სხვანაირია ყველაფერი, ვიდრე ეს 4 წლის წინ მქონდა წარმოდგენილი.. ყველაფერი იცვლება, ცვლილებას საათები, წუთები და ზოგჯერ წამებიც სჭირდება.. სამყარო არასტაბილურია.. უცნაურია, მაგრამ არასტაბილურობა ზოგჯერ უფრო მეტ ბიძგს გაძლევს, რათა უკეთ იყო, თუმცა ამასთანავე ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად დამღლელია.. ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, უფრო მეტად სტრესული ხდება ყველაფერი დროთა განმავლობაში..

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ნაყინი არ არსებობს (ნაყინი ხომ ისედაც ცივია), ყველაზე მზიანი ადამიანის ფიქრები დღეს, უფრო ფიქრიანი და „დაფიქრიანებულია“, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო..

მახსოვს, გოგლიკამ ერთხელ მითხრა, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაზე ნათელი ნაცრისფერი ადამიანები ვიქნებით იმ ნაცრისფერ მასაში, რომელიც ჩვენს გარშემო მოძრაობს და მუდმივად ურთიერთქმედებს.. დიახ, ჩვენ ნამდვილად ასე ვიყავით 3, 2 და 1 წლის წინ.. რა ხდება დღეს? ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ იმ სინათლეს და სიკაშკაშეს, რომელიც 4 წლის წინ ჩვენი გულებიდან მოდიოდა და არ საჭიროებდა ენერგიის წყაროს.. დღეს ჩვენ ეს ენერგიის წყარო დავკარგეთ და ვერ ვახერხებთ მის შევსებას, დღეს ჩვენ კვარტალში ერთხელ თუ ვახერხებთ ყველაზე ნათელი ნაცრისფერი ადამიანების ნახვას და ისიც რამდენიმე წუთით, მხოლოდ მოკითხვას რომ ვახერხებთ ერთმანეთისას.. ნელ-ნელა ქრება სიკაშკაშე.. სინათლე.. ჩვენ ვხდებით რუხი ნაცრისფერები, უფრო მუქები, ვიდრე ადრე..

4 წლის წინ, მაშინ, როცა წარმატების გეგმას ვწერდით, არავის მოგვსვლია აზრად, რომ წარმატების ერთ-ერთ პუნქტად ბედნიერების განცდა შეგვეტანა სიაში.. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და წარმატებებთან ერთად კარიერული წინსვლაც შესამჩნევია, ბედნიერების განცდა ნელ-ნელა კლებულობს, თავისუფალ დროსთან ერთად..

თავისუფალი დრო კი, რომელიც სულ გინდა რომ პოზიტიურ გარემოში გაატარო, მხოლოდ კომპიუტერთან ურთიერთობაში იხარჯება.. ძირითადად..

არადა ზოგჯერ როგორ მინდა გნახოთ, ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ!..

თქვენ კი, ჩარჩით ამ სოციალურ ქსელში, ვიღაცამ გიჯიკათ? თქვენც უჯიკებთ.. ვიღაცამ „დაგალაიქათ?“ თქვენც დაალაიქებთ პროფილის მთავარ ფოტოს (სხვა ფოტოების ნახვა ძირითადად გეზარებათ ხოლმე).. ვიღაცას დაბადების დღე აქვს? უი, შეგიძლია აქვე მიულოცო, სულაც აღარ ყოფილა ნახვა საჭირო, ხომ წაიკითხავს და გაუხარდება.. ესე იგი, ყველაფერი კარგადაა.. უყურადღებობასაც არ დაგაბრალებეენ და საყვედურსაც არ გეტყვიან..

აი ასეა ყველაფერი..

4 წლის წინ ყველაფერი კარგად იყო, 4 წლის შემდეგაც ასეა.. 4 წელი კიდევ გავა და ალბათ სულ სხვაგვარად იქნება ყველაფერი..

მაგრამ 24 წელია გიცნობთ და სულაც არ ყოფილხართ ასეთები, როგორც ეს ადრე იყო.. ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ჩვენც ვიცვლებით, თუმცა არის რაღაც, რაც არასდროს არ დაავიწყდება ჩვენს მეხსიერებას, ეს არის ჩვენი მოგონებები..

რომელიც ნელ-ნელა მატულობს, მატულობს და ვხვდები, რომ დღეს მე სულაც აღარ ვარ ის პატარა ყმაწვილი, რომელსაც ბავშვურად სწყინდა რაღაცეები..

მე დღესაც ისევე მწყინს, როგორც ადრე, უბრალოდ, მე დღეს უკვე დიდი ვარ!.

და ისევ ისე მენატრებით..

როგორც ადრე..