Dec 8, 2011
2012
Oct 5, 2011
4 წელი
4 წელი გავიდა..
დღეს სულ სხვანაირია ყველაფერი, ვიდრე ეს 4 წლის წინ მქონდა წარმოდგენილი.. ყველაფერი იცვლება, ცვლილებას საათები, წუთები და ზოგჯერ წამებიც სჭირდება.. სამყარო არასტაბილურია.. უცნაურია, მაგრამ არასტაბილურობა ზოგჯერ უფრო მეტ ბიძგს გაძლევს, რათა უკეთ იყო, თუმცა ამასთანავე ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად დამღლელია.. ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, უფრო მეტად სტრესული ხდება ყველაფერი დროთა განმავლობაში..
მიუხედავად იმისა, რომ ცივი ნაყინი არ არსებობს (ნაყინი ხომ ისედაც ცივია), ყველაზე მზიანი ადამიანის ფიქრები დღეს, უფრო ფიქრიანი და „დაფიქრიანებულია“, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო..
მახსოვს, გოგლიკამ ერთხელ მითხრა, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაზე ნათელი ნაცრისფერი ადამიანები ვიქნებით იმ ნაცრისფერ მასაში, რომელიც ჩვენს გარშემო მოძრაობს და მუდმივად ურთიერთქმედებს.. დიახ, ჩვენ ნამდვილად ასე ვიყავით 3, 2 და 1 წლის წინ.. რა ხდება დღეს? ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ იმ სინათლეს და სიკაშკაშეს, რომელიც 4 წლის წინ ჩვენი გულებიდან მოდიოდა და არ საჭიროებდა ენერგიის წყაროს.. დღეს ჩვენ ეს ენერგიის წყარო დავკარგეთ და ვერ ვახერხებთ მის შევსებას, დღეს ჩვენ კვარტალში ერთხელ თუ ვახერხებთ ყველაზე ნათელი ნაცრისფერი ადამიანების ნახვას და ისიც რამდენიმე წუთით, მხოლოდ მოკითხვას რომ ვახერხებთ ერთმანეთისას.. ნელ-ნელა ქრება სიკაშკაშე.. სინათლე.. ჩვენ ვხდებით რუხი ნაცრისფერები, უფრო მუქები, ვიდრე ადრე..
4 წლის წინ, მაშინ, როცა წარმატების გეგმას ვწერდით, არავის მოგვსვლია აზრად, რომ წარმატების ერთ-ერთ პუნქტად ბედნიერების განცდა შეგვეტანა სიაში.. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და წარმატებებთან ერთად კარიერული წინსვლაც შესამჩნევია, ბედნიერების განცდა ნელ-ნელა კლებულობს, თავისუფალ დროსთან ერთად..
თავისუფალი დრო კი, რომელიც სულ გინდა რომ პოზიტიურ გარემოში გაატარო, მხოლოდ კომპიუტერთან ურთიერთობაში იხარჯება.. ძირითადად..
არადა ზოგჯერ როგორ მინდა გნახოთ, ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ!..
თქვენ კი, ჩარჩით ამ სოციალურ ქსელში, ვიღაცამ გიჯიკათ? თქვენც უჯიკებთ.. ვიღაცამ „დაგალაიქათ?“ თქვენც დაალაიქებთ პროფილის მთავარ ფოტოს (სხვა ფოტოების ნახვა ძირითადად გეზარებათ ხოლმე).. ვიღაცას დაბადების დღე აქვს? უი, შეგიძლია აქვე მიულოცო, სულაც აღარ ყოფილა ნახვა საჭირო, ხომ წაიკითხავს და გაუხარდება.. ესე იგი, ყველაფერი კარგადაა.. უყურადღებობასაც არ დაგაბრალებეენ და საყვედურსაც არ გეტყვიან..
აი ასეა ყველაფერი..
4 წლის წინ ყველაფერი კარგად იყო, 4 წლის შემდეგაც ასეა.. 4 წელი კიდევ გავა და ალბათ სულ სხვაგვარად იქნება ყველაფერი..
მაგრამ 24 წელია გიცნობთ და სულაც არ ყოფილხართ ასეთები, როგორც ეს ადრე იყო.. ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ჩვენც ვიცვლებით, თუმცა არის რაღაც, რაც არასდროს არ დაავიწყდება ჩვენს მეხსიერებას, ეს არის ჩვენი მოგონებები..
რომელიც ნელ-ნელა მატულობს, მატულობს და ვხვდები, რომ დღეს მე სულაც აღარ ვარ ის პატარა ყმაწვილი, რომელსაც ბავშვურად სწყინდა რაღაცეები..
მე დღესაც ისევე მწყინს, როგორც ადრე, უბრალოდ, მე დღეს უკვე დიდი ვარ!.
და ისევ ისე მენატრებით..
როგორც ადრე..
Sep 16, 2011
Jul 4, 2011
ჰაუსური იუსტიცია
არასდროს მქონია სურვილი ჩემს ბლოგზე ბევრ ადამიანს ებორიალა.. ამიტომ ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ "კვარტალში ერთი პოსტი" სრულიად საკმარისი იქნებოდა იმათთვის, ვისაც მოვენატრე და ჩემი დიდი ხნის უნახაობით გამოწვეული სევდის გაქარწყლება-გასათუთება მოსწყურებია.. :)) ხოდა ავდექი და შევუდექი საქმეს.. უფრო სწორედ, მივხედე იმ საქმეებს, რომლებიც ამჟამად გადაუდებლად აუცილებელია რომ დავასრულო, რის გამოც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ჩემი "საზაფხულო-მზიანი და ზაგრიანი" ბლოგი..
მოკლედ, ეს შესავალი იმათთვის იყო, ვისაც კითხვა ეზარება და პირველივე აბზაციდან, ნახავდა რა, რომ ვბოდიალობ, თავს დაანებებდა კითხვას.. ახლა კი მივხედოთ იმ თემას, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა, რომ შევაჩერო..
14 ივნისს რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა..
იუსტიციის სახლის იდეა და კონცეფცია მომწონს, მეტად ორიგინალური და მარტივია. მომსახურების გამარტივება და ხელმისაწვდომობა უფრო მიმზიდველია.. თან ეს არატრადიციული და "ორიგინალური" არქიტექტურა.. :)) ნუ, ასე თუ ისე, ცუდი არ არის..
თუმცა ის, რასაც ქართული, ტრადიციული გახსნა ჰქვია, მაინც ვერ გავექეცით ამას..
2 კვირის განმავლობაში სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია და მიდიოდა დიდი მიპატიჟ-მოპატიჟებები.. :) არადა ვინ ვის პატიჟებდა ვერ გაიგებდი.. :) ხოოოდა მეც ენერგიულად გავეშურე ჩემი მხიარული აპარატით შეიარაღებული აღნიშნული ღონისძიების გადასაღებად.. (სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვახერხე ჟურნალისტის აკრედიტაციის მოპოვება და შესაბამისად პირველივე ცდაზე ვერ მოვხვდი ამ ღონისძიებაზე).. ტერიტორია რატომღაც შემოღობილი დამხვდა, ხალხი გარეთ.. დაცვამ აღნიშნა, რომ მოსაწვევის გარეშე შიგნით ვერ მოვხვდებოდი.. გარეთ ხალხი წუწუნებს, არაფერი არ ჩანს.. მეც შორიდან ვიღებ ფოტოებს, შემდეგ ხალხზე გადავერთე.. უამრავი აბორიგენი მოსახლეობა შეკრებილა.. სუფთა და გაწკრიალებული ქუჩა 15 წუთში მზესუმზირის ნარჩენებით გაივსო და დაბინძურდა.. სახლის სახურავებზე ციყვებივით შემომსხდარან სნაიპერები.. :)) თითქოს ინიღბებიან.. :)) ღობის იქით ელიტა, ზე-ელიტა და თბილისელი "სვეწკი" სტუმრები არიან განლაგებულნი.. შამპანურს წრუპავენ და ვერც კი ხვდებიან, რომ ღობის აქეთ სიცოცხლე დუღს.. :)) ღობესთან დაწყობილ სკამებზე მჯდომი ელიტის ტიტველი ფეხები ჩანს.. :)) ხალხი ამ ადგილას "დაშლილია", ცდილობენ მოერიდონ არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობას.. :)
ელიტა, ზე-ელიტა, სვეწკი თბილისელები და აბორიგენი მოსახლეობა ელოდება პრეზიდენტის გამოსვლას..
მიშა ჩვეული იუმორით გვესაუბრა..
ჟურნალისტები მიკროფონებს ხან ვის უხახუნებენ ცხვირზე და ხან ვის, რათქმაუნდა კომენტარისათვის..
მშობლები ბავშვებს კისერზე ისვამენ, "ნახე დედი, პლეზიდენტი.." :) ბავშვებს უხარიათ.. მეც.. :)
პარალელურ რეჟიმში ვიღებ ფოტოებს.. არაფერი არ მესმის.. ვხედავ ნაცნობებს, უკვირთ და ინტერესდებიან რატომ ვიღებ.. :) კომენტარი მათთვის: "აი ამიტომ!.." :)
პრეზიდენტის გამოსვლა დასრულდა.. მიშა წავიდა დედაქალაქში.. იმედის ჟურნალისტი მოდის ღობესთან და ეკითხება მოქალაქეს რა მოეწონა..
მოქალაქე №1: - ხომ ხედავ რომ არაფერი არ ჩანს აქედან? არ გვიშვებენ, რა უნდა მომეწონოს?
მოქალაქე №2: - მიკროფონი და კამერა გაწიე, მოშლილი მაქვს ნერვები, აი იმ ხალხისგან აიღე ინტერვიუ, ვინც მანდ იჯდა სკამზე და კონცერტს უყურა..
მოქალქე №3: - მოდი შვილო, მე მოგცემ ინტერვიუს.. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, ძალიან მოგვეწონა, მიხარია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება და იმედი მაქვს, რომ ხშირად გაიხსნება ახალი ცენტრები, პრეზიდენტის სტუმრობამაც ძალიან გაგვახარა..
მესამე კომენტარი საღამოს გადის ეთერში.. დანარჩენი არა..
რამდენიმე წუთში ვხედავ ჩემს მეგობრებს, ყოფილ თანამშრომლებს, მაძლევენ მოსაწვევს და დაცვისთვის მისი წარდგენის შემდეგ ვუერთდები ზე-ელიტას.. პირდაპირ სცენის წინ.. (ცოტა მწყინს, სოციალურ სამსახურს რომ გვბლოკავენ ასეთი ღონისძიებების დროს.. როდესაც რამე პრობლემა აქვთ სულ ჩვენთან მორბიან, ხოლო როცა რაიმე კარგი ხდება ეგრევე განათლებას და სკოლებს ეტენებიან.. :)) (მადლობა თეას და ირმას!.. თქვენ რომ არა, უნიკალური კადრები ისტორიას მხოლოდ ჩემს D დისკზე შემორჩებოდა.. ისიც მხოლოდ ღობის იქით..) გამიხარდა, რომ სცენის წინ ჩემი ჯგუფელები ვნახე.. უნივერსიტეტი რაც დავამთავრე (პირველი ბაკალავრიატი) მას მერე მემგონი ერთხელ ვნახე ისინი.. სცენის წინ თბილისის ჯაზ-ბენდი, ბორის ბედია, გიორგი სუხიტაშვილი, მარიკა ებრალიძე, დინი ვირსალაძე და სხვა მუსიკოსები არიან.. რამდენიმემ საოცრად იმღერა.. ოღონდ ქართული არაფერი.. გადავრჩით წვიმაზე და უიღბლო მენსტრუაციაზე არავის უმღერია.. ესეც ერთი დიდი მიღწევა.. :)))
კონცერტის დასრულების შემდეგ, სპეციალურად რუსთავის იუსტიციის სახლისათვის შექმნილი ლაზერ-შოუ მოეწყო ქალაქის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ორგანიზებით.. (მთელი წელია ვფიქრობ რითია ეს კაცი დაკავებული მეთქი და თურმე ლაზერ-შოუების კეთება დაუწყია.. არადა თეატრი ქალაქში უკვე მერამდენედ მოკლეს..) ლაზერ-შოუ დიდი არაფერი, აი ენერგო-პრო კი ამ თვეში დენის დანახარჯის გამო გადასახადს კიდევ გააძვირებს.. :))
შოუს დამთავრების შემდეგ, ჩემმა ჯგუფელებმა იუსტიციის სახლი დამათვალიერებინეს.. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო რეესტრში ხშირად მიწევს შერბენა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების მომენტში, იუსტიციის სახლში თითქმის ყველა თანამშრომელი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა, რამაც ჩემი ჯგუფელი ცოტა გააკვირვა.. :)) (მისი დატრენინგებულია რუსთავის ჯგუფი.. ქეთო, ვამაყობ შენით..:*) თანამშრომლები, მათი ჩაცმულობა, ოფისის ფერები და გარემო სასიამოვნოა და სურვილი გიჩნდება, რომ წელიწადში 12-ჯერ გააკეთო პირადობის მოწმობა..
მოკლედ, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ იუსტიციის სახლის რუსთავში გახსნით, მიუხედავად იმისა, რომ ოგანიზატორებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ მოსაწვევების გარეშე ვერავინ მოხვდა "ღობის იქით".. თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობის ინტერესი სიახლეების მიმართ დიდია და იმედია მომსახურებით კმაყოფილებაც საჯარო სამსახურში მალე ევროპულ დონეს მიუახლოვდება..
უფრო მეტი ხალისისათვის შეგიძლიათ იხილოთ ზოგიერთი ფოტო ჰაუსური იუსტიციიდან.. :)
May 22, 2011
სტუდენტური დღეები 2011
Mar 24, 2011
თერგშეხვრეპილთა ფიცი
სწორედ ამიტომ, ვდებ ფიცს, რომ:
- პირნათლად შევასრულებ თერგშეხვრეპილთა გუნდის წესებს;
- არ ვიქნები უყურადღებო;
- ვეცდები ვიყო მხიარული და ხალისიანი;
- არ მოვიფიქრებ მიზეზებს ქალაქიდან გასვლისგან თავის ასარიდებლად;
- არ დამავიწყდება თერგშეხვრეპილთა გუნდის ღირებულებები და ტრადიციები;
- ყოველთვის ვიქნები ხაზზე, მაშინაც, როცა მეძინება;
- არ დავივიწყებ სამშობლოს მთებს, როდესაც ვიქნები ზღვაზე;
- არ დავივიწყებ ზღვას, როდესაც ვიქნები სამშობლოს მთებში;
- ენერგიულად და საბრძოლო ღრიალით ვივლი ყველა ლაშქრობაზე;
- არ დავიღლები;
- დროულად დავიძინებ, როდესაც ძილის დრო მოვა;
- დილით ადრე ავდგები და გამახარებს ყოველი ახალი დღე;
- მეყვარება ჩემი მეგობრები და მეზობლები, ისინიც, ვინც ყოველ წუთს მიშლიან ნერვებს..:)(©® გიო);
- არ ვიწუწუნებ პირობების და სასარგებლო საკვების არ ქონის გამო;
- არასდროს არ დამავიწყდება სალაშქროდ აუცილებელი მოწყობილობები;
- ვიქნები ამაყი და ბედნიერი იმით, რაც მაქვს.. :)
ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს და საქართველოს რუკაზე ხელის დადებით დავადასტურებ ჩემს ნათქვამს..
ნათლობის მეორე ეტაპია თერგშეხვრეპილთა რიტუალში მონაწილეობის მიღება..
გაგრძელება იქნება..
სავარაუდოდ ყაზბეგში.. :*
Jan 16, 2011
10 წუთით ადრე, თუმცა გვიან... გაღვიძებული..
რა ხდება, როდესაც დილით იღვიძებ და აუცილებლად უნდა ადგე?
არაფერს, მაღვიძარას ჩუმად თიშავ და თავს იტყუებ, რომ არაფერიც არ გაგიგია..
არადა იცი, რომ ყოველთვის აგვიანებ.. :)
მერე კი გსაყვედურობენ..
არადა როგორ გინდა, რომ გეძინოს.. ზოგჯერ 10 წუთიც ხომ ასე მნიშვნელოვანია შენი ცხოვრების მშვიდი რიტმისთვის? :)
მიუხედავად ამისა, 10 წუთის გასვლის შემდეგ ისევ რეკავს მაღვიძარა და გახსენებს, რომ უნდა ადგე.. ამ დროს ფიქრობ, რომ პირის დაბანის დროს შეამცირებ სამი–ოთხი წუთით და ცოტა გვიან ადგები.. თიშავ მაღვიძარას და აგრძელებ ძილს, ნუ, შეიძლება ამას ძილიც არ ქვია, იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფიქრობ და არ გძინავს, თუმცა გონებას ხომ მაინც ატყუებ.. მიზანი მაინც ტყუილისკენ მიიჩქარის.. არადა როგორ გეძინება მაინც.. ბოლოს კიდევ რეკავს მაღვიძარა და უკვე ვერ იტან ტელეფონს.. რატომ??? იმიტომ, რომ თვალები გტკივა და დაღლილი ხარ.. იმის გამო, რომ გუშინ არ დაიძინე იმ დროს, როცა ამის შანსი გქონდა.. :)
დილით ადგომა საკმაოდ კარგია, როდესაც ფიქრობ და ზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე.. თუმცა როდესაც სამგან სწავლობ, პარალელურად ტრენინგებს ისმენ და ატარებ ინტენსიურად, ამასთანავე ცდილობ ყველა ადამიანს დაეხმარო ვინც შენს დახმარებას საჭიროებს და ასევე დამატებით ცდილობ ის დავალებები შეასრულო, რასაც გავალებენ, ძნელია ძილისთვის დრო გამონახო და ნორმალურად დაიძინო.. არადა ამ წუთასაც შემიძლია დავიძინო, მაგრამ ეს ტექსტი ისე მაწუხებს, რომ არ დავწერო ალბათ გავგიჟდები.. :))))
დილით თავის ტკივილის შეგრძნებით გავიღვიძე.. იმიტომ, რომ ღამით, დაახლოვებით 5 საათის განმავლობაში მეძინა და მე როგორც მგონია, ამავე დროის განმავლობაში ვისვენებდი იმ 24 საათიდან, რასაც დღე–ღამე ჰქვია...
ჩაის დალევამ არ გაჭრა..
არც პირის დაბანამ..
არც იმ 10–10 წუთს მოკლებულმა ძილმა.. არადა როგორ ვცდილობდი.. :))) თუმცა იმასთან შედარებით, რაც დილის 8 საათზე მჭირდა, 9:15–ზე ტკივილის შეგრძნება თითქმის გავლილი იყო.. :)
დილით 10–ზე გზა დიდუბისკენ გაიწელა.. რა თქმა უნდა მხიარული და ნოსტალგიური ჰანგებით.. ქართული ესტრადის მხიარული წარმომადგენლების შესრულებით, რომლებიც ამაყად გაჰკიოდნენ ფიფქებად მომთოვარე სევდის ღრუბლების და წვიმის მიერ წაშლილი ნაფეხურების მონატრების შესახებ.. :)
შემდეგ იყო საკმაოდ სერიოზული გაყიდვების აგენტების (ჩვენებურად „სეილ– აგენტების“) მხიარული შეძახილები (ზოგჯერ აგრესიულიც კი, თუმცა შეიძლება მომეჩვენა), რომლებიც მგზავრებს მოლოდინით აღვსილი თვალებით ელოდნენ და შანსის შემთხვევაში ენერგიულად ტენიდნენ ტრანსპორტში ადგილზე მისულთ, ზოგჯერ შემთხვევით სხვა მიმართულებით მიმავალთ–საც კი.. :), ერთადერთი, რამაც დილით მიშველა, ეს იყო ციტრამონის ორი აბი.. :) მერე კი ყველაფერი თავისი ხალისით აეწყო.. 10 წუთში გამავალი სამარშუტო ტაქსი ნახევარ საათში გავიდა.. მანამდე კი, გორავ–გორავით ჩავიდა დიდუბის სადგურთან არსებული ხიდისკენ, ნუ, მართალია მძღოლმა დაპირება პირნათლად შეასრულა, რადგან 10 წუთში ნამდვილად გავიდა გაჩერებიდან, თუმცა რეალურად რომ არ გავიდა, ეს ფაქტია.. :)
10 წუთში (გასვლიდან) ქალაქს გავცდით.. :) რაღათქმაუნდა აქაც დაირღვა საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის გარკვეული მუხლები და მთელი გზა „კომედი შოუს“ რუსთავიორისეულ სკე„ტ“ჩებს ვუსმინე, თუმცა გამაყუჩებელდალეულს, უკვე შეგრძნების ზედა ზღვარი არც კი მიფიქრია სად მქონდა.. :))))))))))) მოკლედ გზა და გზა თავის ტკივილმაც გაიარა.. გზაში ასევე მხიარულად, 10 წუთიანი ინტერვალებით, ღრიალებდა ტელეფონი და რეკავდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა.. :) არადა კვირა დღეს მაინც რომ დამასვენონ ამ ხალხმა არ უნდათ??? მაინც რა ძნელია ეს პოპულარობა რა.. :)))))
ხაშური–სურამის გზაზე, რაღათქმაუნდა ისევ 10 წუთით, შეაჩერა სამარშუტოს მხიარულად მომარშუტე მძღოლმა და საოცრად ამაყ სასადილოში საოცრად ძველი სადილი მიირთვა არც ისე ძველად გადაწმენდილ სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე დადებულ ცოტათი არ იყოს სუფთა თეფშიდან.. :)))
10 წუთის შემდეგ მივედით რიკოთთან და 10 წუთის შემდეგ გადართეს რუსული ესტრადით აღტაცებული რუსი მომღერლების შესრულებით ჩაწერილ რუსულ სიმღერებზე მოტ(რ)ანცავე რუსულ მაიმუნობა კლიპებზე.. როგორც ბებიაჩემი ამბობს ხოლმე, ამ კლიპებში ბოზების მეტი არავინ არ მონაწილეობდა, თუმცა რას ერჩი, ამით შოულობენ ფულს და თან სასიამოვნო სანახავია, არც ისე სასიამოვნო მუსიკიას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც შეგიძლია ამაყად დაუწიო.. თუმცა, როდესაც მძღოლი ხარ და ამ ვიდეოს ვერ ხედავ, ხმასაც არ უნდა აუწიო.. თუმცა თუ ხმასაც უწევ, ესეიგი ეს დებილური მუსიკაც მოგწონს და აი აქ დაერხათ მგზავრეეეებს.. :))))) თუმცა მერე რა მოხდა არ ვიცი.. იმიტომ, რომ უბისას გადასახვევთან ჩამოვედით... :)) მართალი რომ ვთქვა, მანამდე ხარაგაულის რაიონში არ ვყოფილვარ, ტრანსპორტით გავლა–გამოვლას თუ არ ჩავთვლით.. ზამთრის ფონზე ძალიან მომეწონა აქაურობა.. მხიარული გარემო, თბილი ადამიანები და ულამაზესი ბუნება..
ერთადერთი, თუმცა არა მხოლოდ ერთადერთი ის მომხვდა თვალში, რომ ახალგაზრდები სოფელში თითქმის ვერ ვნახე.. გზაც თითქმის არ არის.. არც შიდა ტრანსპორტი.. არადა სოფლის განვითარებისთვის ნამდვილად საჭიროა როგორც ტრანსპორტის არსებობა, ასევე გზის დაგება..
გაგრძელება იქნება მალე.. :)))