Dec 26, 2010

არც თუ ისე საახალწლო პოსტი

დღეს 5:30-ზე ავდექი. საერთოდ ასეთ დროს დიდი ხანია არ გამღვიძებია.. ნუ, ჩემით გაღვიძება რასაც ჰქვია..

ადრე ირაკლისთან ერთად დავდიოდი ცურვაზე და სიხარულით ვდგებოდი ხოლმე ფეხზე და დილის 6 საათზე მივდივოდი აუზზე, სადაც ყარაულს ყოველთვის ჩვენ ვაღვიძებდით და ისიც თავისი „უჩვეულო იუმორით“ „გვლოცავდა“.. ოღონდ ჩუმად და ისიც გულში..

არ ვიცი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი ისე, რომ მისი გულისთვის ასე ადრე ადგე.. საერთოდ, მსმენია, რომ არსებობს ადამიანების ორი კატეგორია, „ღამურები“ და თუ არ ვცდები „ჭოტები“. თუ ამ კლასიფიკაციას დავუგდებთ „ყურს“, მე „ღამურების“ კატეგორიას მივეკუთნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით გვიან ვიძინებ და დილით, შესაბამისად, ადგომაც მიჭირს.. თუმცა ზაფხულში ადრე ადგომა სასიამოვნოცაა და სასარგებლოც, რათქმაუნდა ჯანმრთელობისთვის..

მას შემდეგ, რაც ცურვას „შევეშვი“, ჩემი ჯანდაცვის, უფრო სწორედ, „გა-ჯან-დაცვების“ საკითხი მხოლოდ ერთხელ, 1 წლით მოვაგვარე და აღმოსავლური თავდაცვის სახეობების შესწავლით დავკავდი. თუმცა შემდეგ ესეც შევწყვიტე.. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ასე თუ ისე მოვმაგრდი ვარჯიშის გამო, მაინც წყალი იზიდავდა ჩემს გაზარმაცებულ სხეულს...

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე არ მინდა ცურვაზე მარტო მისვლა დილის 7 საათზე, არადა ეს ირაკლიც რომ აღარ დადის?! ჩემი ჭკუის სხვა ვეღარ ვნახე ამ ქალაქში.. და ვეძებ..

და მაინც, რატომ მეღვიძება ასე ადრე?!

რატომღაც მეგონა, რომ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ბოლო დილა იყო და მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად ასახულიყო ჩემს მეხსიერებაში: თუ როგორ ღიავდება მუქი ლურჯი ცა, როგორ დნება ყინული ფანჯრის მინაზე და როგორ ცოცხლდება ქალაქი..

დავიწყე „შაგრენის ტყავის“ კითხვა.. პირველი 10 გვერდი შემაწუხებლად გაწელილი და ჩამ(მ)თვლემი მომეჩვენა, თუმცა შემდეგ საინტერესოც დაიწყო.. სიუჟეტი ისტორიის „მდიდარ ნარჩენებს“ დაუკავშირდა და ემოციურად გაიშალა..

..ამ დროს ისევ ამაყად დნებოდა ფანჯრის მინაზე შეყინული ორთქლი, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ მეორე საღამოს ისევ ყინულად იქცეოდა..

იცი რატომ მიყვარს ჩემი ბათურა?

იმიტომ, რომ ყველაზე ადამიანური ძაღლია ამ ქვეყანაზე გაძაღლებული ადამიანებიდან..

საღამოს ღია კარი დაინახა თუ არა, შემოქანდა და მაშინვე გამათბობლისაკენ გაეშურა, ცხვირით მოსინჯა ცხელი იყო თუ არა, მასთან ახლოს კარავი დასცა და ამაყად დაწვა..

ბათურას დილამდე თავი არ აუწევია.. მიუხედავად იმისა, რომ ძილში შიში ჩამყვა, გამათბობელს ცუდად არ შეეხოს და უბედურება არ მოხდეს მეთქი.. მთელი ღამე გაუნძრევლად იწვა, დილით კი სათუთად ადგა და ჯერ გამათბობელს შეხედა, შემდეგ მშვიდი თვალებით გამომხედა, წესრიგში ჩამაბარა ყველაფერი..

ზოგჯერ ჩემსავით ეგოისტია, თუ იცის, რომ თავისია, ცოცხალი თავით არავის არ მიუშვებს ახლოს, ასე უნდა და მორჩა! ზოგჯერ ისეთი კეთილია, რომ ყველას ულოკავს ხელებს.. საოცრად ერთგულია, თუმცა დამჯერობას ვერ დავაბრალებ.. როგორც ყველა ადამიანს, მასაც აქვს სისუსტეები.. ძალიან უყვარს გარეთ გასეირნება, რასაც რაღათქმაუნდა მოკლებულია ჩვენი მხრიდან და ცდილობს დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი, საკუთარი ძალებით.. ამაზე კი ძალიან ვბრაზდები.. იმაზეც საშინლად მიფუჭდება გუნება-განწყობა (საზოგადოებაში „ნერვებად“ და ღლონტურად „ღრრრ“-დ წოდებული), როცა ბათურას ბაბო უმ ხორცს აჭმევს, რის შემდეგაც ძაღლი ხორცის სუნით ყარს და მერე ერთი კვირა გვიწევს მისთვის ძმრიანი წინდების ჩაცმა.. კიდევ ბევრს ვუძლებთ...

ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რატომ მიფუჭდება განწყობა.. საერთოდ დეპრესიული ტიპები ორიენტირებულები არიან ავტომატურ რეჟიმში (ე.წ. ავტოპილოტით) გაიფუჭონ ხასიათი...

მაშინ, როცა ჩემი გაკეთებული საქმით კმაყოფილი ვარ, ასეთ რამეზე ვერ ვფიქრობ, თუმცა როცა ვერ ვხვდები, რა მინდა, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ და ამავე დროს, ჩემთვის საყვარელი ხალხი სადღაც „ბნელ წერტილში“ იკარგებიან, ვფიქრობ, თუ რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებისაგან, რატომ არ მელოდებიან ჩემი თანამშრომლები, როცა სამსახურიდან მიდიან და ამ მიზეზ-შედეგობრივი (რათქმაუნდა ირაციონალური) კავშირების აწყობა-შეკოწიწების შემდეგ ვხვდები, რომ არავის ვჭირდები და არავისთვის არ ვარ მნიშვნელოვანი, რაც ალბათ სიტუაციის ბრალია და არა სინამდვილის, ანუ რეალურად ასე არაა..

(„მედ, დამირეკე და მითხარი რომ ძალიან გიყვარვარ და რომ ყველაფერი კარგად იქნება რა..“)

„დეპრესიულ საათებთან“ ერთად ემოციური სიმშრალეც ასე თუ ისე ხშირია, როცა ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში არსებობს ცარიელი, უშუშო ფანჯრები, რომლებსაც ვერაფერს ვერ უხერხებ, თუნდაც იმის გამო, რომ დრო აღარ გაქვს..

მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ნასწავლი მაქვს ცხოვრებაში დროის და მნიშვნელოვანი საქმეების ერთმანეთთან შეთვსების „თეორია“, პრაქტიკაში ამგვარი რამ თითქმის შეუძლებელია, რაც რეალურად დასტურდება კიდეც..

მემგონი უკვე დროა, რომ ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებზე, განვითარებასა და პოზიტიურ პერსპექტივებზე ვიფიქრო, იმაზე, რაც მეც და ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებაში დაგვეხმარება...

და არა სიკვდილზე..

მანამდე ბევრი რამე მაქვს მოსასწრები..

ყველა მუსიკა ბოლოს ხომ მაინც მთავრდება..

თუმცა ბოლო ნოტის ხმა პირველთან შედარებით ყველაზე დიდხანს ჟღერს სივრცეში..

საბედნიეროდ..

ცვლილებების დროა, პოზიტიური ცვლილებების!..

თან მამას წლისთავი ახლოვდება..

..ღამით კი ისევ გაიყინება დაორთქლილი მინები..

Dec 3, 2010

ლეგალური იდიოტობა..

ოთხი ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, სანამ დაიძინებ. :)


ძროხათმფლობელები


დღეს როგორც ყოველთვის, ("ალარმამდე") წიქარიშვილების წინ მხიარულად შეკრებილმა ძროხათა მეპატრონეების ე.წ. "მეძროხეების" ან/და "მენახირეების" პუტუ-პუტუ-პუტუ-პუტუმ გამაღვიძა.. 

დილით ტვინის ბურღვის უცნაური შეგრძნება მქონდა, სანამ მივხვდი, რომ ეს ბურღვა რეალური ხმაური იყო, რომელიც დისნეის მულტფილმის კოდალას "მხიარულ" ყიყინს გავდა, წამოვხტი და გარეთ ვავვარდი.. :))

გადამირჩა ერთი სულიერი, რომ წიხლქვეშ არ გავიგდე.. :))) არადა როგორ გამაღიზიანებლად საუბრობდა.. :)) და რა კარგი საცემი იყო.. მოკლედ, ჩემმა ყვირილმა თავისი საქმე გააკეთა და "კოდალა" დროულად და მხიარულად შეუდგა თავისი სამუშაოს აღწერილობაში ჩამოთვლილი ამოცანების შესრულებას. .



დილის ძილი 


თვეში ერთხელ მაინც მიწევს "პირადი ოფოფების" გააქტიურება იმისათვის, რომ დილით არანორმალურად მხიარულმა და დეგენერატმა ხალხმა არ გამაღვიძოს.. არადა დამეთანხმებით ალბათ, რომ დატვირთული დღის შემდეგ მშვიდი ძილი აუცილებელია ძალების აღდგენისა და ახალი სამუშაო დღისთვის ჩვეულ ფორმაში ჩადგომისთვის.. ათ წუთ ძილსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მერე მთელი დღე აღრენილმა არ იარო.. 
(ღლონტი, დაიძინე ხოლმე 10 წუთი კიდევ.. :))))))))

მოკლედ, გარეთ ატეხილ ყიყინს ყვირილით ვუერთდები და ცოტა ხნით, მაგრამ მშვიდი ძილი გარანტირებული მაქვს ხოლმე.. არადა სულ რატომ უყვართ ჩემს ფანჯარასთან შეკრება ამ "ძროხათმფლობელებს" არ ვიცი რა.. :))

გამოგიყვანენ წყობიდან და მერე ამბობენ, რომ უზრდელიაო... არ ჯობია ხოლმე, რომ დაფიქრდეთ, სანამ წაიღვლანჯებით ხოლმე ჩემს ფანჯრებთან?! თუ რაიმეს აკეთებ, ჯობია შედეგისთვისაც მზად იყო.. თუ არადა შეგიძლია სახლში იხმაურო კიდეც.. :)) ეს ისე.. :)))



"ლიბერთი" და ჯანდაბა თქვენ!.. 


ერთხელ ახლად გარდაქმნილგადარებრენდინგებულ სახალხო.. უკაცრავად "ლიბერთი" ბანკში (რბილი ლ-თი), რათქმაუნდა გადასახადების გადასახდელად (სხვა საქმეზე რატომ უნდა შეხვიდე მანდ არ ვიცი..) ერთი მდედრი შემოვიდა, ისიც იმ საქმეზე იყო ალბათ, რაზეც მე.. ალბათ.. ხოდა, მოკლედ ამ მდედრმა და ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსგავსი დიალოგი წარმართეს..

მდედრი აბორიგენი: "-უკაცრავად, ეს არის სახალხო ბანკის მომსახურების ოფისი?"

მდედრი ლიბერთი-ელი: "-ქალბატონო, ეს სახალხო კი არა ლიბერთი (რბილი ლ-თი) ბანკია.."

მდედრი აბორიგენი: (ხმამაღალი ხმით) "-რა მნიშვნელობა აქვს, რა ნაგავიც იყო, ისევ ის ნაგავი დარჩა.." და მდედრმა აბორიგენმა კარი "გაიჯახუნა".. 

ბანკში უეცრად სიჩუმე "ჩამოვარდა"..  და დაცვას დაეცა.... :))) 

შემდეგ ისეთი სიცილი ატყდა ე.წ. "კლიენტებში" რომ ძლივს მოახერხა ბანკმა "ჩვეული მუშაობის გაგრძელება".. 

ამ ამბის შემდეგ მიჭირს ამ ბანკის სერიოზულად აღქმა.. :))) რა ვქნა, არასერიოზულია ასე თუ ისე და თვითდაძალებას რატომ დავიწყებ? :) დღესაც გადასახადის გადასახდელად შესულს და დილის კოდალასთან მომხდარი "სკანდალის" შემდეგ ოპერატორთან მხიარულად ვიკამათე იმაზე, თუ რომელი აბონენტის ნომერი უნდა დაეწერა გადახდის ქვითარზე (საუბარია ერთი და იგივე ნომერზე, რომელიც სხვადასხვა ფურცელზე ეწერა..:))

მოკლედ აღარ მინდოდა ხალისი და გვერდით VTB-ში შევირბინე და იქ ისეთი სათნო და მწყაზარი ოპერატორები მომემსახურნენ, რომ კმაყოფილი წამოვედი იქიდან.. 

 


მაწაკი მდედრი სათნო ლოყებით..


ყველაზე მეტად არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ჩაგრავენ, ან ცდილობენ რაიმეთი მეტად მოაჩვენონ თავი..

შესვენებაზე გასული ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში შევედი ვაშლის პეროგის საყიდლად, სადღაც 2 წუთი ვიდექი რიგში და ერთი მაწაკი მდედრის წიწინს ვუსმენდი, რომელიც გამყიდველ 15-17 წლის გოგონას ბოლო ხმაზე ურჩევდა 50 თეთრის დაკლების საქმეს.. 

არ ვიცი ამ ორიდან რომელი იყო მართალი, მაგრამ სამსახურში ნამდვილად მაგვიანდებოდა და არცერთის ნერვი არ მქონდა და არც მეორის (თან ლოდინი არ მიყვარს საშინლად).. 

ხოდა რა ვქენი თუ მიხვდებით???

ამ მაწაკ მდედრს კორექტულად ვუთხარი, რომ მოკეტე და დაახვიე აქედან მეთქი.. :)

ნუ, ეს ვერბალურად ასე ჟღერდა: "ქალბატონო, ხომ ხედავთ, რომ რიგში ვდგავართ და ამდენი ხანი გელოდებით?!"

ალბათ ის მაწაკი მდედრი არ მოელოდა ჩემგან მსგავს კომენტარს და აღშფოთებულმა "შემომჩივლა": - "თქვენ რომ დაგაკლებენ ფულს, მაშინ ილაპარაკეთო.."

ამაზე სულ გავჭედე, არ მიყვარს, როდესაც აზრის გამოთქმას მიშლიან.. :)))

-"ქალბატონო, თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, ადმინისტრაციასთან გაარკვიეთ, ხოლო ამ გოგონას თავი დაანებეთ, თქვენ რა, შეცდომები არ მოგდით?!"

-"დედაა!.. სულ გაფუჭდა ეს ახალგაზრდობა (აჰაა, ახალგაზრდებსაც გადაწვდა.. :)) როგორი გაუზრდელებულები არიან ამ ბოლო დროს!.. "

-"ქალბატონო, თუ იყიდეთ უკვე რაც გინდოდათ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ სადაც მიბრძანდებოდით.."

–"რომ არ წავიდე რას მიზამ?!" - უფრო აღშფოთდა ისედაც გაცეცხლებული მაწაკი მდედრი.

-"არაფერს, ვიყიდი რაც მინდა და ვიხალისებ თქვენს წიწინზე.." -ვუპასუხე ღიმილიანი და აგრესიული მზერით.. 

ამ კომენტარზე მაწაკი მდედრი საერთოდ გამაწაკდა, გადაიბუგა და გასასვლელისკენ გაემართა.. გოგონამ, რომელსაც 50 თეთრის არ დაბრუნებას ედავებოდნენ, მაწაკ მდედრს ფული დაუბრუნა, ალბათ მეტი გზა არ ჰქონდა და მუშაობა გააგრძელა.. რათქმაუნდა ამ ფაქტის შემდეგ ხურდა მეც განერვიულებულმა მომცა, მაგრამ მე უკვე მაწაკი მდედრის წიწინის ხმა მესმოდა შორიდან..


P.S. მორალი: ზოგიერთი ძაღლი, როდესაც მას ელაპარაკები, კუდს გიქიცინებს და გლოკავს, მაგრამ შემთხვევით კუდზე ფეხი თუ დაადგი, სიამოვნებით გიკბენს..

ასე რომ იყავით კორექტულები!.. :)))

Nov 11, 2010

მორჩა კინო, წადით სახლში


დღეს უკვე 24 წლის ვარ, ღამის ორის თოთხმეტი წუთია და ზუსტად 4 წუთია მას შემდეგ, რაც თბილისიდან დავბრუნდი..

ვაგზალზე რუსთავში მიმავალმა ტაქსის მძღოლმა თუ გითხრათ, რომ 15 ლარად ჩაგიყვანთ ქალაქში, არ დაუჯეროთ, გაყევით მძღოლს კორტებამდე მაქსიმუმ 5 ლარად და კორტებიდან რუსთავში 4 კაცი, თითო 3 ლარად ჯიგრულად იმგზავრებთ და დაბრუნდებით სახლში.. თან იქ ისეთი ადგილია, რომ მგზავრები ღამის 3 საათამდე მაინც არიან ხოლმე, აფერისტ მძღოლებს კიდე რა დალევს.. :))) ასე რომ, დღეს 7 ლარი დავზოგე.. :)))))

თუმცა ბევრი ადამიანი გავანაწყენე..

ქეთოს ამბავი დასრულდა.. 

გაგრძელება აღარ იქნება..

მე მაპატიეთ..

ვისაც გიყვარვართ, იცით სადაც შეგიძლიათ ჩემი ნახვა.. ხოდა მნახეთ და მითხარით, რომ გიყვარვართ.. :) არ ვარ ვუდუს ტომის შამანი.. თან ეგ ტომი აღარც არსებობს მემგონი..

რა მინდა ეხლა ააქ? არ ვიცი.. ან თქვენ რა დაგრჩენიათ აქ.. არ იცით?

თუ იცით დამიტოვეთ კომენტარი, იქნებ მივხვდე რამეს..

დროებითობით..

P.S. ფოტოსთვის მადლობა - Tim Foreign-ს

Oct 17, 2010

free counters

„ნიკუსა“

ჩვენს ოჯახში პატარა უცხოპლანეტელი გაჩნდა..

დიიიდი თვალებით, პაწუკა ცხვირით და ხაშურული ტირილით..

უსაყვარლესი, ციცქნა და სათუთი არსებაა.. მთელი დღე ძუძუზეა ჩამოკიდებული, ჭამს და შემდეგ იძინებს..

29 სექტემბერს გავხდი ბიძა..

დილით, როდესაც სამსახურში წავედი, ვფიქრობდი ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ასე უცებ გაბიძებასაც არ ველოდი.. :)

დედამ დამირეკა და მახარა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ისე დავიბენი, რომ არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა.. სამსახურში ყველამ მომილოცა და ჩემს გარშემო უცებ უამრავი ადამიანი შეიკრიბა..

ჩემი ძმა სამშობიაროსთან მთელი წლის განმავლობაში შეგროვებულ შამპანურებს ხსნიდა და ისე უხაროდა მამობა, რომ საერთოდ არ ესმოდა ვინ რას ეუბნებოდა.. :) იმ დღეს ისტერიკა ჰქონდა.. არ მეგონა სიხარულს თუ მსგავსი რამის გამოწვევა შეეძლო.. თუმცა სიხარულთან ერთად ალკოჰოლმაც კარგად იმუშავა.. რძალს ტელეფონით ვესაუბრე, ახლად გაღვიძებულს ნაბახუსევი ხმა ჰქონდა.. გამიხარდა, რომ კარგად იყო და მშობიარობამ წარმატებულად ჩაიარა.. სიხარულით გადარეულმა მამამ სამშობიაროსთან ფეიერვერკიც კი მოაწყო.. :) არადა ნეტა იცოდეთ, რა წუწუნა და ბუზღუნაა.. (უმეტესად ფულთან დაკავშირებით წუწუნებს..)

შემდეგ იყო გასაუბრება ტრენინგის მონაწილეებთან, ერთკვირიანი შვებულება და ტრენინგები.. კვირას საღამოს „ნიკუსა“ და მისი მშობლები უკვე სახლში დამხვდნენ..  პაწუკა ისევ ძუძუზე იყო ჩამოკიდებული და ისევ გემრიელად შეექცეოდა მისთვის გამზადებულ „კერძს..“  

ყოველთვის მქონდა ბავშვის ხელში დაჭერის შიში და ესეც მომეხსნა.. ნიკუშას დამსახურებით.. ისეთი პაწაწინა და საყვარელია.. და თან ისე იბღვირება..  :):):)

ამ სახლში 1986 წლის შემდეგ (ჩემზეა ლაპარაკი) არავინ დაბადებულა.. ხოოდა ჩვენმა „ნიკუსამ“ (ასე ეძახის მისი დეიდაშვილი) 24 წლის შემდეგ ახალი სეზონი გახსნა.. :) აწი ველოდებით მატებას და ბეევრ პაწაწუნას..  

ყველა ვცდილობთ ახალი როლის მორგებას,

სიხარულისგან გადარეულები ვართ..

თუმცა ამ სიხარულს თან სდევს დიდი სევდა..

მამა, დღეს შენ უკვე პაპა ხარ!..

ბიჭია, ბიჭიი!..

Oct 16, 2010

კიდო "ბანი"


წინა კვირას რამ მატკინა ყველაზე მეტად გული იცით???

ქართველები ყველაზე ნიჭიერები რომ ვართ და რომ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით..

იანვარში მამას ნაჩუქარ ტელეფონს ეკრანი გაუთეთრდა.. ისე მუშაობდა, უბრალოდ არ ჩანდა არაფერი.. ისე ვუფრთხილდებოდი, რომ ბოლომდე შეინარჩუნა ჩვეული იერი.. 

ყველაფერი ჩინური ჩემთვის ნაგავთან ასოცირდება (ჩინელებთან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ასეა..), ვერაფრით ვერ გავაკეთე რუსთავში ამ ტელეფონის ეკრანი.. სწორედ ამიტომ, გოჩა ძიას რჩევით (ტელეფონებს აკეთებს რუსთავში) გავეშურე თბილისში, დინამოს სტადიონთან მდებარე (სხვაგან არ ვიცი არის თუ არა) „კიდობანში“. N:5 მაღაზიას, რომელიც ცენტრის შესასვლელთან ელოდება მყიდველებს, ყავს ერთი ნიჭიერი  სპეციალისტი, სახელად თემო.. თემოს დახლთან უწერია, რომ აკეთებს ტელეფონებს, თუმცა გაკეთების რა გითხრათ და კარგად აფუჭებს.. იმის მაგივრად, რომ თემოს ჩემი რუსთავში უკვე ნატანჯი ტელეფონი გაეკეთებინა, დაშალა, და მიხვდა, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები ჩინელებისას მკვეთრად ჩამოუვარდებოდა და დაშლილი ტელეფონის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას შეეცადა.. თუმცა ჰოი საოცრებავ, აქ უკვე მისი შესაძლებლობები სრულიად დაეცა და ქართველი კოლეგების შესაძლებლობების ზღვარსაც ჩამოსცდა და სანამ უფსკრულში გადაეშვებოდა, სასწრაფოდ და თან „ძალის გამოყენებით“ ეცადა ტელეფონის აწყობას.. ჩვენო „ოსტატო“ თემო, შენ ყველაზე დებილი და ლენჩი ხარ, რადგან წარმოდგენაც არ გაქვს, რომ მიკროელემენტებთან მუშაობა მოითხოვს სიზუსტეს და მოთმინებას.. სულაც არ იყო საჭირო ტელეფონი აგეწყო, თუ ამის უნარი არ გქონდა.. არც ის იყო საჭირო, ტელეფონის მეხსიერების ჩიპი ისე ჩაგელეწა, რომ მისგან ინფორმაციის გადმოწერა შეუძლებელი ყოფილიყო.. ყველაზე ცუდი რა არის იცი?! საათს როცა აწყობ, არ უნდა დაგრჩეს დეტალები, რომელიც მისი დაშლის დროს დადე მაგიდაზე.. :) არც ის იყო საჭირო, ეკრანი გაგებზარა ისე, რომ მისი აწყობა შეუძლებელი ყოფილიყო და ამასთან უდანაშაულო სახით გაგეგრძელებინა მუშაობა.. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს ბევრი რამისგან შევიკავე თავი, მაინც გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ..

შენ ხომ მამას ნაჩუქარი ტელეფონი გამიტეხე..