Jun 14, 2026

ეკა და მილანის დიდი ექსპედიცია

(კომედიური პიესა)


პროლოგი

    სადღაც გამიგონია, ადამიანს ერთხელ რომ დააკვალიანებ, ყველაფერს დაიმახსოვრებსო, თუმცა არსებობს განსაკუთრებული ხალხიც. ეკაც სწორედ ასეთი განუმეორებელი იყო. როცა გაიგო, რომ მილანში მიფრინავდა, პირველად იკითხა:
— გიო, აეროპორტში რო მივალ, მერე რა ხდება?
მეც ავუხსენი.

ათი წუთის შემდეგ ისევ დარეკა.
— გიო, ჯერ ავტობუსში ავდივარ თუ ეგრევე თვითმფრინავში?
მეც ისევ ავუხსენი.

ნახევარ საათში ტელეფონი ისევ რეკავდა.
— გიო, ბარგი როგორ გავზომო?
— ეკა, მეტრიანი აიღე.
— და თუ ვერ ვიპოვე?
— მეზობელს გამოართვი.
— და თუ მეზობელი სოფელშია?
— მაშინ თვალით შეხედე.
— თვალით რომ გავზომავ, მერე აეროპორტიდან რომ გამომაბრუნონ? ვაი და არ დაემთხვას ზომები, ან წონა?..

ასე დაიწყო დიდი მილანური ექსპედიციის უცნაური ამბავი.

მილანის ექსპედიციამდე რამდენიმე დღით ადრე, ეკას ცხოვრებაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. ჯერ რაღაც გაუტყდა სახლში.
როგორ?
არავინ იცის.
რატომ?
არც ეგ იცის ვინმემ.
მთავარია, შედეგი რთული იყო, რადგან ჩანგალი ეკას თითში უეცრად აღმოჩნდა. ცირა-ემილიამ დედას შეხედა.
— დე, ეს როგორ მოახერხე?
— არ ვიცი, შვილო, უცებ მოხდა.
— ჩანგალს თვითონ ხომ არ შემოუტევია?
— მგონი ორივემ შევუტიეთ ერთმანეთს.

შედეგად, ორივე ტეტანუსის აცრაზე წავიდნენ.

ექიმმა მშვიდად უთხრა:
— რამდენიმე თვე ალკოჰოლი არ შეიძლება.
ეკა გაჩუმდა.
— ანუ მილანში აპეროლ სპრიცი არ შეიძლება?
— არა.
— კარგი, მაშინ კოლიზეუმს ვნახავ.
— კოლიზეუმი რომშია.
— ჰოდა, რაც მილანშია, იმას ვნახავ.

მაგრამ ამაზე დიდი დრამა ჯერ კიდევ წინ იყო...

გამგზავრების წინა საღამოს ეკას და ცირა-ემილიას მანქანა ეზოში უნდა დაეპარკინგებინათ. თეორიულად ეს ხუთწუთიანი საქმე იყო. პრაქტიკაში კი…
მთელმა უბანმა გაიგო, რომ მეორე დღეს მილანში მიფრინავდნენ. — ცირა, მარჯვნივ! — დე, ეგ მარცხენაა! — შენს მარჯვნივ! — დედა, ეგ ისევ მარცხენაა! — კარგი, მაშინ ჩემს მარჯვნივ! ორმოცი წუთის შემდეგ მანქანა საბოლოოდ გაჩერდა. ეკამ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. — როგორც იქნა. ცირა-ემილიამაც შვებით ამოისუნთქა. — მგონი მილანში ჩაფრენა უფრო ადვილი იქნება. იმავე საღამოს ჩემმა ტელეფონმა მუშაობის ახალი რეკორდი დაამყარა. პირველი ზარი. — გიო, პასპორტი არ უნდა დამრჩეს, ხომ? — დიახ.
მეორე ზარი. — ტელეფონიც აუცილებელია, ხომ? — დიახ.
მესამე ზარი. — ანუ პასპორტი და ტელეფონი არ უნდა დამრჩეს? — არა.
მეოთხე ზარი. — გიო, დღეს არ დაიძინო. — რატომ? — რამე რომ დამჭირდეს, დაგირეკავ. — ეკა, ღამის ორი საათი იქნება. — ჰოდა, ტელეფონი ხმამაღალზე გქონდეს.
მეხუთე ზარი. — გიო? — გისმენ. — არაფერი, ვამოწმებდი, ხომ მპასუხობთქო.
მეექვსე ზარი. — გიო, თუ დამეძინა და ვერ გავიღვიძე? — გაიღვიძებ. — და თუ ვერ გავიღვიძე? — ცირა გაგაღვიძებს. — და თუ ცირას დაეძინა? — მაღვიძარა ჩართე. — და თუ მაღვიძარას დაეძინა? — ეკა, მაღვიძარებს არ სძინავთ. — მაინც არ ვენდობი… ღამის თორმეტის ნახევარზე კიდევ ერთხელ დარეკა. — გიო, შენ ხომ არ გძინავს? — არა. — ძალიან კარგი. — რა მოხდა? — არაფერი. მშვიდად დაიძინე. — შენ ხომ მთხოვდი, არ დაიძინოო? — ჰო, მაგრამ შენც ადამიანი ხარ. ღამის ორისთვის უკვე ნახევრად ფილოსოფოსი ვიყავი. სამის ნახევარზე ნახევრად ბუდისტი. ოთხ საათზე კი საბოლოოდ მივხვდი, რომ ეკას მილანში კი არ ვუშვებდით, არამედ მთელი ერი ვაცილებდით ექსპედიციაში. და მაინც, ყველა ზარის ბოლოს ერთი და იგივე შეკითხვა ისმოდა: — გიო… — ჰო, ეკა? — მთავარი რა არის? — პასპორტი და ტელეფონი. — აი, ეგ ვიცოდი, უბრალოდ შენც რომ დაგემახსოვრებინა.
და სწორედ ასე, უთვალავი სატელეფონო ზარის, ჩანგალთან ბრძოლის, ტეტანუსის აცრის, პარკირების ტრაგედიისა და უძილო ღამის შემდეგ დაიწყო ეკას ისტორიული მოგზაურობა მილანის მიმართულებით.


მოქმედება პირველი

    ეკა სამი საათით ადრე უკვე ჩაცმული იჯდა. ცირა-ემილია მშვიდად სვამდა ჩაის და პიცაზე ფიქრობდა.
— დე, ჯერ კიდევ ღამეა.
— ვიცი, შვილო, მაგრამ ავტობუსმა რომ გაგვასწროს?
— ავტობუსი კი არ გაგვასწრებს, ჩვენ უნდა დავასწროთ და დროულად მივიდეთ.
ამ დროს ტელეფონზე ზარია:
— ეკა, ყველაფერი კარგადაა?
— გიო, ერთი კითხვა მაქვს…
— თქვი.
— ომნიბუსამდე მისასვლელად ფეხით უნდა წავიდე თუ ტაქსით?
— როგორც გენებოს.
— და თუ ტაქსით წავედი, მალე ჩავალ?
— არ ვიცი, ეკა, ჩახვალ, აბა სად წახვალ. მთავარია დროულად მიხვიდე.

    სამზარეულოს მაგიდასთან ჩამომჯდარი შეფიქრიანებული ეკა სევდიანი თვალებით უყურებდა დაბლა დადებულ სასწორს და ჩემოდანს. იქვე ახლოს იდო მეტრიანი საზომიც.
ცირა-ემილია:
— დე, ბარგი აწონე?
— აბა მარტო როგორ ავწონიდი?
— სასწორზე დაადე.
ეკა თვითონ ავიდა სასწორზე, ჯერ თავისი წონა ჩაიწერა, შემდეგ ბარგით ავიდა. მეორე ციფრი გამოაკლო პირველს და გამარჯვებული სახით გამოაცხადა:
— ცირა, მგონი ჩემოდანი 18 კილოა!

ტელეფონი ისევ რეკავს.
გიორგი:
— აბა როგორ მიდის საქმე?
— მგონი ბარგის ამბავი მოვაგვარე.
— რამდენია?
— ჯერ მე ავიწონე, მერე ბარგთან ერთად.
— მშვენიერია.
— და ახლა მეტრიანი საზომითაც გავზომავ.
— რამდენია?
— თუ ელასტიურ მეტრს ვჭიმავ, ჯდება ზომებში.
— ეკა, მეტრი არ მოატყუო.
— კარგი, იყოს როგორც არის.
და ბოლოს ეკამ საზეიმოდ გამოაცხადა:
— ცირა, ოფიციალურად ვაცხადებ: ბარგი კანონთან კონფლიქტში არ არის.
ცირა-ემილიამ ტაში დაუკრა.
— დედა, შენ უკვე ნახევარი გზა გავლილი გაქვს.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

როცა ბარგის გაზომვა წარმატებით დასრულდა, ეკამ გამარჯვებული ხმით ამოისუნთქა, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერ წინ ელოდა.


    დილით, როცა ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, ეკა და მისი ქალიშვილი, ცირა-ემილია, ომნიბუსის გაჩერებას მიუახლოვდნენ. მძღოლი ბონდო ავტობუსის საბარგულთან იდგა.
— აბა, მილანში მივდივართ? — გაიღიმა ბონდომ.
— არა, ჯერ ქუთაისში, მერე მილანში, — სერიოზულად უპასუხა ეკამ.
ცირა-ემილიამ ჩუმად ჩაიცინა.
ავტობუსში ასვლის შემდეგ ეკამ ტელეფონი ამოიღო.
— გიორგი, ჩავჯექით!
— მშვენიერია.
— და ახლა?
— ახლა იჯექი.
— მერე?
— მერე ქუთაისში ჩახვალ.
— ანუ ახლა არაფერი მაქვს გასაკეთებელი?
— საერთოდ არაფერი.
— რა კარგია, — ამოისუნთქა ეკამ, — დავისვენებ გზაში.
მძღოლმა ბონდომ სარკიდან გამოხედა მგზავრებს.
— ქალბატონო ეკა, პირველად მიფრინავთ?
— არა, მილანში მივფრინავ პირველად, დამოუკიდებლად.
— ეგ იგივე არ არის?
— არა. პარიზში რომ მივფრინავდე სხვებთან ერთად, სულ სხვა იქნებოდა.
ბონდომ გაიღიმა და გზას გახედა.


მოქმედება მეორე

    ქუთაისის აეროპორტში მისვლისას ეკამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მთვარეზე უნდა გაფრენილიყო.
— ცირა, აქ პირველი რა უნდა გავაკეთოთ?
— დე, აეროპორტში ვართ, პირველ რიგში უნდა ჩავაბაროთ ბარგი.
რეგისტრაციის დახლთან აეროპორტის თანამშრომელი მადონა ეკას ეკითხება:
— გამარჯობა, ქალბატონო, პასპორტი მომაწოდეთ, ბარგი გაქვთ?
ეკამ ამაყად შეხედა.
— აწონილია!
— მაგას არ გეკითხებით, გაქვთ თუ არათქო ეს ვიკითხე.
— კი, მაგრამ წესიერადაა გაზომილი. მეტრიანი საზომი არ მომიტყუებია. დავიბენი, რა მკითხეთ?
მადონამ ცირა-ემილიას შეხედა. ცირა-ემილიამ მხოლოდ თავი დახარა.
— ყველაფერი რიგზეა, — თქვა მადონამ. — ბარგი სასწორზე დადეთ.
ეკამ სასწორს შეხედა.
— კიდევ ერთხელ?
— დიახ.
— ქალბატონო, სახლში უკვე გავიარე ეს ეტაპი.
— აქაც საჭიროა.
— ნუთუ არ გვენდობით?
— არა, ქალბატონო, უბრალოდ წესია ასეთი, სანამ ბარგს ჩავიბარებთ, უნდა ავწონოთ. ყველაფერი რიგზეა.
ბარგი 18 კილო აღმოჩნდა. ეკამ გამარჯვებული მოკრივესავით მაღლა ასწია ხელები.
— გიორგი მართალი ყოფილა!


    უსაფრთხოების თანამშრომელი რევაზი მის სამუშაო ადგილზე მშვიდად იდგა და ამოწმებდა მგზავრებს.
— ქალბატონო, ტელეფონი, საათი და ნივთები კალათში მოათავსეთ, — თქვა რევაზმა.
ეკამ საათი მოიხსნა.
შემდეგ სათვალე.
შემდეგ ქუდი.
შემდეგ ქურთუკი.
შემდეგ პატარა ბოთლი ამოიღო ხელჩანთიდან.
შემდეგ საფულე.
შემდეგ კიდევ ერთი საფულე.
შემდეგ ჯიბიდან მზესუმზირის მარცვლები გადმოყარა.
რევაზი გაოცებული უყურებდა.
— ქალბატონო, მგონი საკმარისია.
— დარწმუნებული ხართ?
— დიახ.
— ფეხსაცმელიც ხომ არ გავიხადო?
— არა!
— ცირა, ხომ გეუბნებოდი, წესები ყველგან სხვადასხვაა.
რენტგენის აპარატმა მშვიდად გაუშვა ბარგი. ეკამ შვებით ამოისუნთქა.
— აი, არ შეუჩერებიათ ხელბარგი.
— რატომ უნდა შეეჩერებინათ? — ჰკითხა ცირა-ემილიამ.
— აბა, რა ვიცი, მეგონა ჩემი კბილის ჯაგრისი საეჭვოდ გამოიყურებოდა.


    პასპორტის კონტროლზე გოჩა იჯდა. მთელი დღე მშვიდად მუშაობდა, შემდეგ ეკაც გამოჩნდა.
— პასპორტი, თუ შეიძლება.
ეკამ პასპორტი გაუწოდა. გოჩამ კომპიუტერში შეამოწმა.
— სად მიფრინავთ?
— მილანში.
— კარგი.
— თქვენც ხომ არ მოდიხართ?
გოჩამ ღიმილი ვერ შეიკავა.
— არა, ქალბატონო, მე სამსახურში ვარ.
— ძალიან კარგი ბიჭი ჩანხართ. თუ გადაიფიქრებთ, მე და ცირა ერთად მივდივართ.
გოჩამ ბეჭედი დაარტყა პასპორტს.
— ბედნიერი მგზავრობა!
ეკამ ცირას ჩასჩურჩულა:
— ხედავ? მგონი მოვეწონე.
ცირა-ემილია სიცილს ძლივს იკავებდა.


    პასპორტის კონტროლის წარმატებით გავლის შემდეგ, ეკამ თავი უკვე ნახევრად იტალიელად იგრძნო.
— ცირა, სპაგეტის სუნი მცემს.
— დე, ჯერ ქუთაისში ვართ.
— კარგი, მაგრამ გულით უკვე მილანში ვარ.

ჩასხდომის კართან მგზავრები მშვიდად ისხდნენ, მხოლოდ ეკა დადიოდა წინ და უკან.
ხან ფანჯარასთან მივიდოდა.
ხან ეკრანს უყურებდა.
ხან თვითმფრინავს.
ხან ცირა-ემილიას.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და კართან მდგარ თანამშრომელს, ლალის, მიუახლოვდა.
— შვილო, მილანის თვითმფრინავი რომელია?
— აი, ეს.
— ეს იასამნისფერი?
— დიახ.
— და მილანშიც ჩავა?
— იმედი გვაქვს.
— რა კარგია. მეც ეგ იმედი მაქვს.

ათი წუთის შემდეგ ისევ მივიდა. — შვილო, ხომ არ გაფრინდა? — არა, ქალბატონო. ხუთი წუთის შემდეგ კიდევ. — შვილო, ახლა? — ისევ აქ არის. — ძალიან ლამაზი თვითმფრინავია. ცირა-ემილიამ ჩუმად უთხრა: — დე, დაჯექი. — რომ გაფრინდეს და ვერ გავიგო?
— შენზე ადრე ვერ გაფრინდება.


ცოტა ხანში ლალიმ გამოაცხადა:
— ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრებო, გამოცხადდით ჩასხდომის გასასვლელთან.
ეკა უცებ წამოხტა.
— ცირა, დაგვიძახეს!
— დე, ჯერ პირველი რიგები შეჰყავთ.
— ჩვენ უკან ვართ?
— დიახ.
— სულ მინდოდა უკან ვმჯდარიყავი.

ბოლოს მათი რიგიც მოვიდა. ლალიმ ჩასხდომის ბარათი დაასკანერა.
„პიპ!“
— კეთილი მგზავრობა!
ეკა გაჩერდა.
— მორჩა?
— დიახ.
— ანუ ჩავაბარე?
— დიახ.
— რამდენი ავიღე?
ლალიმ სიცილი ძლივს შეიკავა.
— ასი ქულა.
— ცირა, ხომ გითხარი, კარგად მოვემზადეთქო!


მოქმედება მესამე

    თვითმფრინავში ბორტგამცილებელი კრისტინა მგზავრებს ღიმილით ხვდებოდა.
— კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ეკამ საპასუხოდ თავი დაუკრა.
— შვილო, კარგად იყავი.
კრისტინა გაოცდა.
— მადლობა.

ადგილზე მისულ ეკას გვერდით მჯდარმა გოგონამ ჩემოდნის ზედა თაროზე მოთავსებაში დახმარება თხოვა, მაგრამ ბარგი სათავსოში არ ეტეოდა.
ეკამ ერთ მხარეს ცადა.
არ შევიდა.
მეორე მხარეს ცადა.
არ შევიდა.
მესამედ...
ჩანთამაც თითქოს პრინციპულად თქვა:
— მე აქ არ შევდივარ!
ამ დროს კრისტინა მოვიდა.
— დაგეხმაროთ?
ეკა შეჩერდა.
— შვილო, ეს ჩანთა აშკარად უნდა ეტეოდეს აქ და რა დაემართა?
კრისტინამ ჩანთა უბრალოდ გვერდულად შეაბრუნა და უცებ შეეტია.
ეკა გაოცებული დარჩა.
— ცირა!
— რა?
— მომაწოდე შენი ჩანთაც, აქ დავდებ, რომ არ შეგაწუხოს.


   ბორტგამცილებლები ჟილეტების და ჟანგბადის ნიღბების დემონსტრაციას იწყებდნენ. ყველა მგზავრი ტელეფონში იყურებოდა, მხოლოდ ეკა უყურებდა ისეთი ყურადღებით, თითქოს დისერტაციას იცავდა. ბოლოს ცირას ჩასჩურჩულა:
— დაიმახსოვრე, შვილო. ესენი საჭირო ცოდნებია.
კრისტინამ შენიშნა და გაიღიმა.
— მგონი ერთადერთი ყურადღებიანი მგზავრი გვყავს.


დინამიკში ხმა გაისმა.
— ძვირფასო მგზავრებო, მოგესალმებით კაპიტანი არჩილი.
ეკა უცებ გასწორდა.
— ცირა, გაიგე?
— რა?
— კაპიტანი პირადად მოგვესალმა.
— ყველას.
— მაინც ზრდილობიანი კაცი ჩანს.

თვითმფრინავი აფრინდა. ეკა ფანჯრიდან იყურებოდა.
— აუ, სახლები დაპატარავდნენ.
რამდენიმე წუთში ღრუბლებში შევიდნენ.
— ცირა!
— რა იყო?
— ღმერთთან ახლოს ვართ?
— არა, დე.
— კარგი, მაინც გადავცემ მოკითხვას.


რამდენიმე ხნის შემდეგ ბორტგამცილებელი კრისტინა ეტლით მოვიდა.
— ყავა, ჩაი, სენდვიჩი?
ეკამ ფასებს შეხედა.
შემდეგ კრისტინას.
შემდეგ ისევ ფასებს.
— შვილო, ამ ფასში რუსთავში ხუთი ხაჭაპური მოდის.
კრისტინამ სიცილი ვერ შეიკავა.
— ეს თვითმფრინავია ქალბატონო.
— ჰო, მაგრამ ხუთჯერ ძვირი რატომ ღირს? ამ ფასში რუსთავში ხალხი ქორწილს იხდის.
ცირა-ემილიამ ძლივს შეიკავა სიცილი.
ბოლოს ეკამ თავისი ჩანთიდან ფრთხილად ამოიღო სახლში გამომცხვარი ღვეზელი.
— დღეს ეკონომიკის მინისტრიც მე ვარ და ეკონომიისაც!
ცირამ ჩურჩულით უთხრა:
— დე, ჩუმად.
— რა ჩუმად? გემრიელი ღვეზელია.
და ასე მიფრინავდა ხანდაკელი ეკა მილანისკენ და პიცაზე ფიქრებში ღვეზელიც გემრიელად მიირთვა.


მოქმედება მეოთხე

    ოთხი საათი და ოცი წუთის შემდეგ კაპიტანმა არჩილმა გამოაცხადა:
— ძვირფასო მგზავრებო, რამდენიმე წუთში მილანში დავეშვებით.
ეკა უცებ გასწორდა.
— ცირა!
— რა იყო, დე?
— იტალიაში ჩამოვედიით.
— ჯერ ციდან ვუყურებთ.
— მაინც კარგია.

ბორტგამცილებელი კრისტინა მგზავრებს მიუახლოვდა. — გთხოვთ, ღვედი შეიკრათ. — შვილო, აქამდე არ უნდა შეგვეკრა? — არა, ქალბატონო, ახლა განსაკუთრებით საჭიროა შეკვრა. — კარგი, თუ ასეა საჭირო… დაშვებისას თვითმფრინავი ოდნავ შეირხა. ეკამ ცირა-ემილიას ხელი მოკიდა. — მშვიდად, შვილო, შენთან ვარ. — დე, მგონი შენ უფრო გეშინია. — მე თქვენთვის ვნერვიულობ. თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა. მთელი სალონი ტაშს არ უკრავდა, მაგრამ ეკამ მაინც დაუკრა. — ყოჩაღ არჩილს! რამდენიმე იტალიელმა გაოცებით გადმოხედა ეკას. ცირა-ემილიამ თავი დახარა. — დედა…
— კარგი კაპიტანი იყო, შვილო. კაცს მადლობა ხომ უნდა გადავუხადო?


აეროპორტში მისულებმა ბარგის პუნქტთან დაიკავეს ადგილი. ეკამ ყურადღებით შეხედა სხვა ლენტებზე მოძრავ ჩემოდნებს. — ცირა, აქედან ამოვა ჩვენი ბარგი? — კი. ხუთი წუთი გავიდა. — ჯერ არ მოდის? ათი წუთი. — ალბათ გზა აერია. თხუთმეტი წუთი. — გიოს უნდა დავურეკოთ მემგონი. ამ დროს ჩემოდანი გამოჩნდა. — ცირა! — ვხედავ. — ჩვენი მოდის! — ჰო, დე. — გამიხარდა. უცებ გვერდით მდგომმა კაცმა იმავე ფერის ჩემოდანს წაავლო ხელი. ეკამ შეშინებულმა წამოიძახა: — შვილო, ჩვენსას იტაცებენ! მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაცს თავისი ჩემოდანი მიჰქონდა.
— კარგი, — ამოისუნთქა ეკამ, — აი, ჩვენიც გამოჩნდა, ისე, ჩვენი უფრო მომწონს.


მოქმედება მეხუთე

    აეროპორტიდან გამოსვლისას ეკა სრულიად სხვა ადამიანი იყო. არადა, როცა ორი დღის წინ კითხულობდა: „პასპორტი მთავარია თუ ტელეფონი?“ ახლა თავდაჯერებული სახით უყურებდა სხვა მგზავრებს.
— ცირა, მშვიდად, მე უკვე გამოცდილი მგზავრი ვარ.
— დე, ხუთი საათის წინ პირველად იფრინე დამოუკიდებლად.
— გამოცდილება რაოდენობაში კი არა, ხარისხშია.
— კარგი.
— გიოსაც დავეხმარები. რამდენი ხალხი დადის გამოუცდელი. წავედით, ცენტრამდე რამეს გავყვეთ.


საღამოს ტელეფონმა დარეკა.
— აბა, როგორ ხართ?
— მშვენივრად, გიო.
— ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
— კი, კი. თან ახლა უკვე გამოცდილიც ვარ.
— ძალიან კარგი.
— შენ თუ ვინმე გამოუცდელი შეგხვდება, მიმიშვი ტელეფონთან.
— რას იზამ?
— ავუხსნი.
— რას?
— ყველაფერს.
— მაგალითად?
— ჯერ ომნიბუსს. მერე ბარგის სწორად გაზომვას. მერე აეროპორტს. მერე ჩექ-ინს. მერე თვითმფრინავს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო.
გიომ სიცილი ვერ შეიკავა.
— ეკა, ორი დღის წინ შენ მეუბნებოდი, ღამე არ დაიძინოო.
— ადამიანი გამოცდილებით იზრდება.
— აბა, მთავარი რა არის?
— ეგ ყველამ უნდა იცოდეს.
— მაინც?
— პასპორტი და ტელეფონი.
— კიდევ?
— და ისეთი ადამიანი, რომელსაც ღამის ოთხ საათზე დაურეკავ და მაინც გიპასუხებს.
— ეგ ვინ არის?
— შენ, გიო.
— და ახლა მაინც დამაძინებ?
— კი, კი.

…სამ წუთში ისევ ზარია. — გიო? — ჰო?
— არაფერი, უბრალოდ ვამოწმებდი, რომ მილანიდან ზარებსაც თუ პასუხობ.


მილანში ყოფნის მესამე დღეს ეკა უკვე სხვა ადამიანი იყო. არა, იტალიური არ უსწავლია, არც პიცის ცხობა დაუწყია, უბრალოდ საკუთარ თავს უკვე „საერთაშორისო მოგზაურს“ ეძახდა.
ცირა-ემილია დილით იღვიძებდა და ყოველ დღე ერთსა და იმავე სიტყვებს ისმენდა:
— ცირა, ეს აეროპორტები ჩემი სფეროა.
— დე, ორი დღის წინ პასპორტს მაცივარში ეძებდი.
— გამოცდილება ასე მოდის.

საღამოს ისევ ზარია:
— გისმენ, ეკა. — გიო, აღარ ინერვიულო. — რატომ? — უკვე ყველაფერი ვიცი. — მართლა? — აბა რა. — ძალიან კარგი. — ახლა შენ თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. — მაგალითად? — მაგალითად, ბარგი როგორ უნდა გაზომო. — ეკა, შენ თვითონ ელასტიურ მეტრს წელავდი ბარგის გაზომვისას.
— ეგ დამწყების შეცდომები იყო..


მეორე დღეს კაფეში მიმტანმა ეკას უთხრა:
— Buongiorno!
ეკა გაჩუმდა, მერე თავდაჯერებულად უპასუხა:
— Wizz Air.
მიმტანი დაიბნა.
ცირა-ემილიამ თავი დახარა.
— დე, მოგესალმა.
— ვიცი.
— და რატომ უთხარი Wizz Air?
— უცხოელები როცა მელაპარაკებიან, მეც საერთაშორისო პასუხებს ვაძლევ.
ორივეს გაეცინა და გააგრძელეს საუბარი.


საღამოს იტალიელმა ტურისტებმა აპეროლ სპრიცი შეუკვეთეს. ეკამ სევდიანი თვალებით შეხედა. — ცირა… — ვიცი. — ეს ყველაფერი იმ ჩანგლის ბრალია. — ვიცი. — ერთი ჩანგალი. — ვიცი. — და ახლა რამდენიმე თვე ვერ დავლევ. — ვიცი, დე. — არადა, იმ ჩანგალთან მშვიდობიანად მივედი. — ვიცი. — თვითონ დაიწყო. ცირა-ემილია უკვე ფანჯარაში იყურებოდა.


სასტუმროში სხვა ქართველები შეხვდნენ.
— პირველად ხართ ევროპაში?
ეკამ შეურაცხყოფილი სახე მიიღო.
— არა, შვილო, გამოცდილი მგზავრი ვარ.
ცირა-ემილიას წყალი გადასცდა.
— დე…
— ჰო?
— რამდენიმე დღის წინ გიოს ეკითხებოდი, ჯერ ავტობუსში ავდივარ თუ თვითმფრინავშიო.
— ეგ იყო სანამ გამოცდილებას მივიღებდი.
— გამოცდილება ოთხ საათში მიიღე?
— ნიჭიერი ადამიანი ვარ.


მოქმედება მეექვსე

ქუთაისის აეროპორტში დაბრუნებისას ეკა უკვე თავდაჯერებული ნაბიჯებით დადიოდა. უსაფრთხოების თანამშრომელმა რევაზმა მაშინვე იცნო.
— ქალბატონო ეკა!
— ბატონო რევაზ!
— ისევ თქვენ?
— აბა რა. მილანიდან დავბრუნდით.
რევაზი ღიმილით უყურებდა.
— ისევ ყველაფერი კალათში უნდა მოათავსოთ.
— ვიცი, ვიცი. ამჯერად პროფესიონალი ვარ.
ეკამ საათი მოიხსნა.
სათვალე.
ქურთუკი.
საფულე.
მეორე საფულე.
სამი ცალი პარკი.
ექვსი ცალი ხელსახოცი.
ორი მანდარინი.
ნახევარი ღვეზელი.
და ბოლოს…
რევაზი დაიძაბა.
— ქალბატონო ეკა… — დიახ? — მზესუმზირა ისევ ჯიბეში გაქვთ? — აუ, ესენი როგორ დამავიწყდა?!


რამდენიმე კვირის შემდეგ მშვიდად მეძინა, როცა ღამის სამ საათზე ტელეფონი აწკრიალდა. თვალების გახელის გარეშე ვუპასუხე.
— გისმენ.
მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა გაისმა.
— გიო…
— ჰო, ეკა?
— არ გეძინა ხომ?
— უკვე არა.
— ერთი კითხვა მაქვს და მეტს აღარ შეგაწუხებ.
— მითხარი.
— იაპონიაში რომ წავიდე…
გული გამიჩერდა.
— ჰო?
— იქაც პასპორტი და ტელეფონია მთავარი?
დიდხანს ვდუმდი.
მერე ჭერს ავხედე სიმბოლურად და მშვიდად ვუპასუხე:
— კი. მთელ პლანეტაზე გჭირდება პასპორტი და ტელეფონი. ზოგიერთ ქვეყანაში ვიზაც.
მეორე მხრიდან კმაყოფილი ხმა გაისმა.
— აი, ეგ ვიცოდი. უბრალოდ შენც რომ დაგემახსოვრებინა.
და გათიშა...

ამ ამბის მერე საბოლოოდ მივხვდი: ყველა ადამიანს თავისი ნიჭი აქვს. ზოგს მუსიკა გამოსდის. ზოგს მხატვრობა. ზოგს სპორტი. მე კი, როგორც ჩანს, ღამის ოთხ საათზე სატელეფონო კონსულტაციების საერთაშორისო სერტიფიკატი მქონია.


***

ეკას მილანიდან დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ, ერთ საღამოს მშვიდად ვიჯექი. ტელეფონმა დარეკა. ეკა იყო. 
— გიო, როგორ ხარ? 
უცებ დავეჭვდი. ასე უბრალოდ არასდროს რეკავდა. 
— კარგად. შენ? 
— მშვენივრად. 
მერე რამდენიმე წამი გაჩუმდა. 
— გიო… 
— ჰო? 
— ჩვენი მეზობლის შვილი პირველად მიფრინავს და რაღაცები არ იცის. 
გავიღიმე. 
— მერე? 
— ნომერი მივეცი. 
— ვისი? 
— შენი, აბა ჩემი ხომ არა. 
— ეკა… 
— არ ინერვიულო. ვუთხარი, სამის მერე დარეკოს, ადრე შეიძლება გეძინოს. 

ორი დღის შემდეგ მართლაც დარეკა უცნობმა ნომერმა. 
— გამარჯობა, თქვენ გიო ხართ? 
— დიახ. 
— მე ლამარას რძალი ვარ. ეკამ მითხრა, მსოფლიო დონის სპეციალისტი ხართ. 
— მსოფლიო დონის?! 
— კი. მითხრა, ამ კაცმა მილანში ჩამაფრინაო. 
იმ წამს მივხვდი. ეკა უკვე მხოლოდ მოგზაური აღარ იყო… 

იმავე საღამოს ეკამაც დარეკა. 
— გიო… 
— ჰო, ეკა? 
— ლამარას რძალი დაგირეკავდა. 
— უკვე დამირეკა. 
— ხომ კარგად აუხსენი? 
— კი. 
— პასპორტი და ტელეფონი ხომ უთხარი? 
— ვუთხარი. 
— ძალიან კარგი. 
მერე ამაყად დაამატა: 
— ცოდნა ხალხს უნდა გაუზიარო. 

და სწორედ მაშინ მივხვდი… ერთ დროს ქალი, რომელიც ჩანგალს ებრძოდა, ბარგს ელასტიური მეტრით ატყუებდა, მანქანას ეზოში ორმოცი წუთი აპარკინგებდა, ღამის ოთხ საათზე მეუბნებოდა „არ დაიძინო, რამე რომ დამჭირდეს“, და ყოველი ათი წუთის შემდეგ მეკითხებოდა: „გიო, მთავარი რა არის?“ ახლა თვითონ აძლევდა ხალხს რჩევებს...
და როცა ერთხელ ვკითხე: 
— ეკა, ამდენი რამ როგორ დაიმახსოვრე? 
ამაყად გამიღიმა და მიპასუხა: 
— რა ვიცი… როგორც პიესა ისე წავიკითხე და კარგად დამრჩა თავში. 



ეპილოგი

დღემდე არსებობს ერთი ლეგენდა. ამბობენ, თუ ღამის სამ საათზე ტელეფონი დარეკავს და მეორე მხრიდან ხმა იტყვის: — გიო, არ გძინავს ხომ? მაშინ იცოდეთ… ეკა კიდევ სადღაც მიფრინავს და ცირა-ემილია ისევ მშვიდად ზის გვერდით და ფიქრობს: „კიდევ კარგი, პასპორტი და ტელეფონი არ დაგვრჩა…“ ხოლო მე, ამ ისტორიის მოკრძალებული მთხრობელი, უკვე დიდი ხანია მივხვდი ერთ რამეს: თვითმფრინავები, აეროპორტები და ჩექ-ინები მხოლოდ ტექნიკური დეტალებია. ნამდვილი მოგზაურობა იწყება მაშინ, როცა ეკა გეტყვის: — ერთი კითხვა მაქვს და მეტს აღარ შეგაწუხებ…
და შენ ზუსტად იცი, რომ ეს იმ საღამოს მეთორმეტე „ბოლო კითხვა“ იქნება.



                                                                     დასასრული 


ამბების ნაწილი გამოგონილია ჩემი და AI-ს მიერ. აი რომელი ნაწილი, ეგ თქვენთვის მომინდვია. 

No comments:

Post a Comment