Feb 13, 2019

ისევ ველოდი 14 თებერვალს

ისევ
ველოდი 14 თებერვალს..
გული მიგრძნობდა,
ფიქრობდა შენზე..
როგორც ჩემს ნაწილს,
ერთ ცალად მთელქმნილს,
მინდოდა
თავი მომეყრდნო მხრებზე...

ისევ 
ამემღვრა ფიქრებში გრძნობა,
ცრემლმა დაფარა ხატება შენი..
მომიახლოვდი,
მომხვიე ხელი
და გამახსენე გრძნობები ჩვენი..

ისევ
ვერ გხედავ
თუმცა გვერდით ხარ,
გული გიჟდება მუდმივად შენზე..
მეგაზაფხულე..
ისე მინდიხარ..
ისევ მაგიჟებს შეხება წელზე...

ისევ
ველოდი 14 თებერვალს..
გული მიგრძნობდა,
ფიქრობდა შენზე..
როგორც ჩემს ნაწილს,
ერთ ცალად მთელქმნილს,
მინდოდა
თავი მომეყრდნო მხრებზე...

Feb 1, 2019

შენი ნაჩუქარი მძივი

შენი ნაჩუქარი მძივი,
სადაც არ წავედი,
თან მაქვს..
ცოტა გაუხუნდა ფერი,
მაგრამ გულთან ახლოს
დამაქვს..
ზოგჯერ,
მონატრებას ვებრძვი,
მინდა გვერდით მყავდე,
ისევ..
ისევ ვიცინოდეთ ერთად,
როცა ახალ ფოტოს ვიღებ..
შენი ნაჩუქარი მძივი,
სადაც არ წავედი,
თან მაქვს..
ისევ მომენატრე, იცი?!
შენ კი,
აღარც მნახავ,
ალბათ..

ბერლინი, 28.01.2019 წელი

Jul 15, 2018

ამჯერად მართლა არ ვიცი, რატომ..

ჩამოვგონდოლდი ჩემს ვენეციას,
სევდის ფიქრებში ვიყავ გაჭრილი.
ვერ გამიგია, ვის რა გატკინეთ,
რატომ დამყვება ტანჯვის აჩრდილი.

დღეს ჩემს ქუჩაზე ისევ წვიმს, ურცხვად,
ისევ მიდიან სადღაც წუთები.
გულგატეხილი გავყურებ წვიმას
ცრემლებიც მდის და თან ვიგუდები.

ჩამოვგონდოლდი ჩემს ვენეციას,
ისევ ფიქრებში ვიყავ გაჭრილი.
წვიმას გავატან მე ყველა სევდას
ოღონ ჩამიკარ გულში, დაჭრილი.

Jan 15, 2016

არც კი ვიცი, რა..

ეს პოსტი 5 წლის წინ დაიწერა და არც კი მახსოვდა, რომ "დრაფტებში" მქონდა შენახული.. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სახალისო წასაკითხია, რაღაცით ამსუბუქებს სევდას, რომელიც არც არსად წასულა..  

  ამ ისტორიის შესახებ თითქმის არასდროს ვსაუბრობ, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან განვიცდი.. თუმცა დღეს, როცა ყველაზე მეტად ვფიქრობ მომავალზე და განვიცდი აწმყოს, წარსული გამახსენდა, რომელიც ჩემთვის ერთ მთლიანობას წარმოადგენს დროში.. წლის დასაწყისში გარდაიცვალა მამა, რის შემდეგაც, როგორც გიო სარალიძე ამბობს ხოლმე, დავრჩით ობლები.. მე და ჩემი ძმა..

   ალბათ ამის გამოა, რომ 2010 წლის შემოსვლა ჩვენს ოჯახში არც კი მახსოვს.. 6 იანვარს სტატისტიკის კოლოკვიუმს ვწერდი, როდესაც ტელეფონმა „დაიზმუილა“ და „სახლმა“ მძიმე ხმით შემატყობინა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ოჯახში სასწრაფოდ დაბრუნება მირჩია, თითქოს რამეს შევცვლიდი.. 

   არც კი მახსოვს, როგორ დავწერე ბოლო ორი საკითხი (მადლობა ნიკა!) და როგორ გამოვედი აუდიტორიიდან.. თუმცა მამასთვის მიცემული პირობა, რომ იმ საღამოს მაღალ ნიშანს მივიღებდი, შევასრულე.. იმ საღამოს ნიკას გარდა (ჯგუფელებიდან) არავინ იცოდა, რომ მამა აღარ მყავდა..

   7 იანვრის დილა გათენდა.. მთელი ქალაქი შობას ზეიმობდა.. ტელეფონი არ ჩერდებოდა და მოსალოცი წერილები ამხიარულებდა ჩემს მობილურ საფოსტო ყუთს.. მართალი რომ ვთქვა, რამდენიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანისთვის გამიჭირდა კიდეც იმის თქმა, რომ მამა გარდაიცვალა (რის გამოც ზოგიერთი გავანაწყენე და ბოდიშს ვუხდი ჩემი ახალგაზრდული უვიცობისა და გამოუცდელობისთვის (აწი აღარ ვიზამ.. :) ).. 

   იცით თუ არა, რა უნდა უპასუხოთ ადამიანს, რომელიც გატყობინებთ მისი ახლობელი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს?! არამგონია ისე გამოგივიდეთ, როგორც ეს “Queen”-ს დაემართა.. წერილზე არც მეტი და არც ნაკლები ასეთი ტიპის პასუხი მოვიდა: „ისა და.. რომელი ხარ?“ :) გიო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გემართება ხოლმე მსგავსი სიხალისეები, მაინც ძალიან მიყვარხარ!.. :) და იმედია, როდესაც ჩემს ქორწილში დაგპატიჟებ მაშინ მაინც არ მომწერ ასე.. :):):)

   იანვარი საშინლად ცივი იყო, თუმცა ქართულ ტრადიციებს ვერ შეველიეთ და.. ცუდად მახსოვს 6-10 იანვრის დღეები.. არა იმიტომ, რომ მეხსიერებამ მიღალატა, არამედ იმიტომ, რომ საშინლად ვბრაზდებოდი უაზრო და სულელური წესების გამო.. 

   თავში მუდმივად მიტრიალებდა შემდეგი კითხვები:

   „რატომ უნდა ვიდგე გარეთ, როდესაც ძალიან მცივა?! რატომ უნდა მაკოცოს ყველა ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანს არ ვიცნობ?! რატომ უნდა ჩამომართვან ხელი, როდესაც ფეხზე ვერ ვდგავარ დაღლილობისგან?! რატომ გონია ყველას, რომ ჩემზე მეტად განიცდის მომხდარ ამბებს?! რატომ არ მიშვებენ იმ ოთახში, სადაც მამაა?! რატომ მარიგებს ყველა ჭკუას, ვისაც არ ეზარება?! რატომ ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ვიცით, რომ ცრურწმენაა?! რატომ ვაბრუნებთ სკამებს და ვაყირავებთ ტახტს?! რატომ ვდებთ ნაჯახს კართან?!  რატომ ვატრიალებთ სასახლეს ოთახში?! რატომ არ შეიძლება თავად გავაცილო მამა მის ბოლო გზაზე?! რატომ არ შეიძლება დაკრძალვის ყურება ოჯახის წევრებისთვის?! რატომ მოდის ყველა სუფრაზე?! რატომ ამბობს თამადა ყველას მოსაგონარს?! რატომ უნდა დავდგეთ თამადის გვერდით როდესაც გვადღეგრძელებენ?! რატომ ხდება ასე და არა სხვაგვარად?!..“

   ერთადერთი რაციონალური აზრი, რომელიც ჩემმა ძმამ იმ დღეებში მითხრა იყო შემდეგი:

 „ხედავ ამ ხალხს? ისინი ტირიან და იცრემლებიან, მოაქვთ ყვავილები, ამბობენ, რომ მამა ძალიან უყვარდათ, ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებიან და არასდროს არ დაგვივიწყებენ.. ხვალ 99% ქუჩაში გამარჯობასაც არ გეტყვის, ვერც გიცნობს, თუმცა შენ ეს არ უნდა გეწყინოს, იმიტომ რომ ასეთია ცხოვრება.. გაიზრდები და მიხვდები, რომ ცხოვრება შეცდომების დიდი ჯაჭვია..“

   „შენ არა ხარ მარტო!..“ არ დამავიწყდება მანჩოს სიტყვები.. რაღაცნაირად დავმშვიდდი.. 7-ში საღამოს მეგობრებს გავუმხილე, რომ კინოში მინდოდა წასვლა (თუმცა არ წავსულვარ) და რეალობისგან გაქცევა.. მანჩოს სწორედ ეს აზრი უტრიალებდა, როდესაც მის ცხოვრებაში მძიმე წუთები იდგა..

   გაცნობიერება იმ ფაქტისა, რომ გარკვეულ ასაკში კარგავ დიდ მხარდაჭერას, რთულია.. შენს თავზე იღებ გარკვეულ პასუხისმგებლობებს და საკუთარ თავთან დიდ კონფლიქტში ხარ.. მაშინ, როცა გინდა, რომ ოთახში ჩაიკეტო და ბოლო ხმაზე იყვირო ან იტირო, საზოგადოება გტენის მის მოთხოვნებს.. შენ უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ გაუწიო ორგანიზება დაკრძალვას და არ გამოგრჩეს რამე.. ამასთანავე ისევ ჭკუას გარიგებენ ის ადამიანები, ვისაც არ ეზარებათ და უხარიათ უსარგებლო კონსულტაციის გაწევა.. კონსულტაცია ჩემო კარგებო, ჯანსაღ გარემოში, ღირს ფული, ასე რომ გაუფრთხილდით საკუთარ ინტელექტუალურ "ნაწარმს"!.. 

   რა იყო იცით ძალიან მძიმე? ვიღაცას უთქვამს: „გიას არ ეკადრებოდა ასეთი ქელეხიო..“ ბოდიში ბატონო, უკეთესი შენ გააკეთე!.. ჩემი და ჩემი ძმის მეგობრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შენ ეს არ გეთქვა.. სწორედ იმ სულელური ტრადიციების გამო, რომელიც ამ ყველაფერს გვავალდებულებს.. იმ დღეს როცა შენ ჩემთან სამძიმარზე მოხვედი, მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა საყვარელი ადამიანების თანაგრძნობა და გვერდით დგომა.. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამასთან ერთად უფრო მეტად მინდოდა მარტო დარჩენა საკუთარ თავთან და ემოციებისგან განთავისუფლება.. ის ემოციები, რომლებიც იმ დღეებში ჩემში გაჩნდა, დღემდე აქაა.. სწორედ ამის გამოა, რომ 8 იანვრის შემდეგ არ მიტირია.. შენ ქელეხზე ფიქრობ.. მე  არა.. მე მამაზე ვფიქრობ და იმაზე, რაც დავპირდი და რასაც აუცილებლად გავაკეთებ.. იმაზე, თუ ყველაზე ძალიან რა გაუხარდებოდა და იმაზე, რომ მისი შვილი ვარ..

   მაპატიე მამა, რომ მე დღესაც ვერ ამოვდივარ შენს საფლავზე.. მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს.. უბრალოდ მგონია, რომ შენ იქ არ ხარ, სადაც უნდა მოვიდე, სანთელი დავანთო და ყვავილები დავტოვო.. სწორედ ამიტომ მივდივარ ეკლესიაში და ვანთებ სანთელს, შენთვის..

   მაპატიე, თუ რამეს ისე არ ვაკეთებ, როგორც ამას შენ ისურვებდი..

   თუმცა შენზე კარგად ბევრმა არ იცის, თუ როგორი ხასიათი მაქვს..

   მიყვარხარ მაა და მენატრები..

   ძალიან..


                          შენი შვილი

Mar 19, 2014

შენს თვალებში ჩაძირული სევდა..




შენს თვალებში ჩაძირული

სევდა..

მაფიქრებს და

მერე ღელვა მკლავს..


ავაშენებ მე სამყაროს

შენთვის..

ვიცი, მერე მომაჭრიან

მკლავს..


როცა გხედავ, სიყვარულით

გიმზერ..

ვარსკვლავები ღამით გვერდით

გვყავს..


შენს თვალებში ჩაძირული

სევდა..

მაღელვებს და

მერე დარდი მკლავს..

Oct 12, 2013

ისევ..


ისე,
ძალიან განგიცდი..
..როგორ გიცდიდი, მაშინ..
ამ განცდის შემდეგ,
                        რატომღაც,
მინდა,
რომ გვყავდეს ბავშვი..


უფრო ძალიან მჭირდები..
ვიდრე,
            მინდოდი მაშინ..
ამ გრძნობის ტკბილი ნაყოფი,
მინდა,
რომ გვყავდეს ბავშვი..



ისევ..
            ძალიან მიყვარხარ!
უფრო მიყვარხარ აწი..
მინდა,
            რომ გრძნობის შედეგად,
გვყავდეს
პატარა ბავშვი..


თითქოს..
ბავშვივით ვიქცევით?!
ვცელქობთ და..
                        ფიქრებს ვრევთ..
გვიყუროს,
                        თუნდაც სამყარომ..
ვიცი,
            რომ
                      მყავხარ
                                    შენ!..




Aug 18, 2013

ზაფხული, შვებულება..

დიდი ხანია (მთლად დიდიც არა, მაგრამ მაინც), რაც ბლოგისთვის არაფერი დამიწერია..
ლექსებს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ძირითადად გზაზე, მობილურში ვწერ ხოლმე.

ზოგჯერ უბრალოდ ვერც ვახერხებ შეჩერებას, დაფიქრებას და..

ამ ბოლო დროს დიდად არც მქონია სურვილი ვინმესთვის ჩემი ფიქრები და აზრები გამეზიარებინა.. ალბათ მაინც ასაკის ბრალია.. :)

ყველა "სოციალური არსება" ვფიქრობ, რომ რაღაცით მაინც არაადეკვატურია, უფრო "ონლაინ ფრენდებთან" რომ მეგობრობენ, ვიდრე რეალურებთან..

არადა, უფრო მეტად რეალურ მეგობრებს უფრო ვჭირდებით ხოლმე, ვიდრე კომპიუტერთან ან მობილურებთან მიმსხდარ-შემძვრალ საზოგადოებას, რომლებსაც, მე თუ მკითხავთ, ვითომ საქმე, მაგრამ საქმე საერთოდ არ აქვთ, გარდა სხვისი კედლების თვალიერებისა და სხვისი ცხოვრების დეტალების გაგებით საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა.

ძალიან დიდი ნაწილი თამაშობს.. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ჯგუფი გამოიყოფა. ერთ-ერთი ჯგუფი მოკლე, ფასიანი და ჩამთრევი თამაშების მომხმარებლები არიან. აი ისეთები, "ძვალი გამომიგზავნე, ძაღლი მიკვდება", "მეგობრებში დამამატე, შენც ხომ იმ თამაშს თამაშობ" და ა.შ. "ენერგიის გულისთვის" დოლარიც რომ არ ენანებათ საკუთარი ანგარიშიდან. მეორე ჯგუფი უფრო მშვიდია და მხოლოდ დროის მოსაკლავად თამაშობს, თუმცა იმდენს თამაშობენ, რომ ბოლოს ავიწყდებათ სად არიან..

კიდევ კარგი, რომ ფერმების ბუმი გადავიდა მოდიდან და მათოხარი, მმარგლავი და მთესველი საზოგადოება ნაკლებად აწუხებს დანარჩენ უსაქმურებს მომაბეზრებელი თხოვნებით.

მოთამაშეთა სხვა კატეგორია უბრალოდ სტატუსებით და ფოტოებით თამაშობს, ოღონდ სხვის ნერვებზე. :) ძირითადად პირადი ცხოვრების, უცხოეთში მოგზაურობის და მსგავსი ნაწყვეტებით გვებლატავებიან. სტატუსებს რაც შეეხება, ძირითადად გამომწვევი, წყობილებიდან გამომყვანი და შტერული ტექსტები იდება ხოლმე, რაზეც მე, ცოტა არ იყოს და ხშირად ვხალისობ და ეს ყველაფერი თუ გავუზიარე ჩემს მეგობრებს, ზოგიერთ გამოშტერებულს ხშირად ჰგონია, რომ ამ სისულელეს მე ვწერ.. :)

სიამოვნებით მოვაკლდებოდი ამ სოციალურ სფეროს, რომ არა ერთი "რომ".. სიახლეები და პროფესიული ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ ამ საშუალებებით ხდება ამ ბოლო პერიოდში და რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ ოფიციალური მიმოწერისა და ინფორმაციის გაცვლისთვის არსებობს ელექტრონული ფოსტაც, რომელიც უფრო სერიოზული და ნორმალურია..

რაც შეეხება გაცნობებს, მაგისთვის სხვა საშუალებებიც არსებობს და სულაც არ არის საჭირო ადამიანებმა ერთმანეთს ფოტოები "ულაიქონ" და იცანცარონ.. :)

თან, დროა რეალურ ადამიანებთან დაიწყოთ კომუნიკაცია..

უბრალოდ მაინტერესებს და თუ შეგიძლიათ პოსტის ბოლოს რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ:

1. თქვენ რისთვის იყენებთ სოციალურ ქსელს?
2. რამდენ დროს ხარჯავთ 24 საათის განმავლობაში ინტერნეტში (ფბ-ზე)?
3. ხშირად ათვალიერებთ მეგობრების გვერდებს?
4. თქვენი მეგობრების საერთო სიიდან პირადად რამდენს იცნობთ, ან თუ გისაუბრიათ მაინც?
5. რეალურ მეგობრებთან კონტაქტისა და კომუნიკაციისთვის სოციალურ ქსელს უფრო ხშირად იყენებთ თუ მობილურ ტელეფონს?
6. დასვენების ან შვებულების პერიოდში რამდენ საათს ატარებთ კომპიუტერთან?
7. ბოლოს გადაღებული ფოტოები დაბეჭდეთ თუ ქსელში ატვირთეთ?
8. ახლო მეგობრები ბოლოს როდის ნახეთ?

მოკლედ, სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ და თუ ფიქრობთ, რომ ასე დასვენებას უკაცრიელ კუნძულზე ყოფნა ჯობია, უბრალოდ გამორთეთ კომუნიკაციის ყველა საშუალება და სიმშვიდეს შეუერთდით!..

ცხოვრება ხომ ისედაც სწრაფად გარბის.. :)

პ.ს. ესეც განტვირთვისთვის..